More

    ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა შესაძლოა, პატიმრობით დასჯადი გახდეს – რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

    spot_img

    ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს – ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაინიცირდება.

    აღნიშნული კანონპროექტით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 116-ე მუხლი იცვლება.

    კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

    ასევე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

    ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს ავარიების უმრავლესობა სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების გამო მოხდა და ამიტომ ეს ინიციატივა აუცილებელი და დროულია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა.

    როგორც ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აღნიშნავს კანონის გამკაცრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    „მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში კორუფციული და ნეპოტისტური ხვრელი ამოვავსოთ. რეალურად, ახლაც ერთი წელია მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადა, თუმცა მფლობელ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უწყებას და 6 თვეში მართვის მოწმობა უკან დაიბრუნოს.

    ეს დასაშვები არ უნდა იყოს და აიკრძალოს. უნდა გამკაცრდეს სანქციები. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ცუდ შედეგს“,- აღნიშნა ურუშაძემ.

    საგულისხმოა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წელის 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, და იმავე წლის 9 ნოემბრიდან, დღემდე მოქმედებს ე. წ. კომენდანტის საათი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური საშვის არმქონე პირებისათვის გადაადგილების შეზუდვას გულისხმობს. ორგანიზაცია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირება სწორედ ქვეყანაში მოქმედ აღნიშნულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, მობილობის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით, ავარიით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა ბევრად უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო.

    წყარო: rustavi2.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !