More

    „აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის“

    spot_img

    ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა კორონავირუსის პანდემიის არსებობის განმავლობაში, საზოგადოებასა და მედიცინის სფეროში დაგროვებულ კითხვებს მოუყარა თავი და დარგის სპეციალისტებსა და ჯანდაცვის უწყებას მასზე პასუხის გაცემას სთხოვს.

    „საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%). ანუ ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

    აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

    არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ სჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
    შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

    ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

    ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

    შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

    მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს“, – წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !