More

    ეს კოსმეტიკა კლავს! – რა დაავადებებს იწვევს უხარისხო დეკორატიული კოსმეტიკა

    spot_img

    21-ე საუკუნეში დეკორატიული კოსმეტიკა ერთობ მოთხოვნადი და პოპულარულია. ტუჩსაცხი, „ტუში“, „კორექტორი“, „ტონალური“ და სხვა საშუალებები ქალბატონების ყოველდღიური რუტინაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს კოსმეტიკა, შესაძლოა, მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს და ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, საფრთხე ჯანმრთელობას შეუქმნას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო.

    ქაოსი კოსმეტიკის ბაზარზე

    სხვადასხვა მაღაზიათა ქსელსა და დახლებზე უამრავი ბრენდის კოსმეტიკას ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფასით, ხარისხით, შემადგენლობითა და დანიშნულებით განსხვავდებიან. დეკორატიული კოსმეტიკის თითქმის 80% საზღვარგარეთიდან შემოდის და უმეტესობა რუსეთსა და უკრაინაშია წარმოებული, ზოგიერთი – ევროპის ქვეყნებში. საბაჟო პუნქტებზე კოსმეტიკას არავინ ამოწმებს, ამიტომაც ცნობილი ბრენდების მწარმოებლებს, საქართველოში, შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქტი შემოაქვთ. მაგალითად, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამა თუ იმ ბრენდის ე.წ. ტონალურ საცხს შეიძენთ და იგივე ბრენდის იგივე პროდუქტს საქართველოშიც იყიდით, აღმოაჩენთ, რომ ისინი შემადგენლობითა და ხარისხით განსხვავდებიან.

    საქართველოს კანონში მომხმარებელთა უფლებების შესახებ წერია, რომ პროდუქტი არ უნდა იყოს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა ეს კანონი ზედაპირულია და კონკრეტული პუნქტები გაწერილი არაა. როგორც აღვნიშნეთ, ბაზარზე არსებული კოსმეტიკის მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს. ასევე, არ გვაქვს ლიცენზირებული ლაბორატორია, რომელიც შემოტანილი კოსმეტიკის ხარისხს შეამოწმებს. ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით კი, აუცილებელია, რომ საქართველოში მსგავსი ორგანო არსებობდეს.

    კანონში ისიც წერია, რომ პროდუქტზე, სკრუპულოზური სიზუსტით უნდა იყოს დატანილი მისი შემადგენლობა, დამზადების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები. დეკორატიული კოსმეტიკის უმეტესობა, განსაკუთრებით, ტუჩსაცხები და ტუჩის კონტურები (ფანქრები), ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე იყიდება. იმ კოსმეტიკის შემადგენლობაში, რომელსაც ეტიკეტი ან საინფორმაციო შეფუთვა მოჰყვება, ჩამოთვლილია ქიმიური ნივთიერებები, მაგრამ თუ ქიმიაში კარგად ვერ ერკვევით, ვერ მიხვდებით, რა მავნე ნივთიერებას შეიცავს კონკრეტული პროდუქტი, ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობა ამ ანოტაციას არ კითხულობს და მხოლოდ ვადის შემოწმებით კმაყოფილდება. ისე, ზოგ შემთხვევაში, ვადის დადგენაც შეუძლებელია.

    ევროკავშირის ქვეყნებში, პარფიუმერულ-დეკორატიული კოსმეტიკის ნაწარმს სახელმწიფოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები უწევენ ზედამხედველობას. ზოგიერთ ქვეყანაში, პარაბენისა და ალუმინის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება აკრძალულია, ზოგან კი დაშვებულია მცირე დოზით და ისიც მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტში. უწყება, რომელიც საქართველოში, პაფიუმერულ-კოსმეტიკურ საშუალებებს აკონტროლებდა, 2000-იან წლებში გაუქმდა.

    მავნე ქიმიური ნივთიერებები კოსმეტიკაში

    დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებლები, თავიანთი პროდუქტის ეფექტიანობის გასამძაფრებლად, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და თანხის დაზოგვის მიზნით, მასში მავნე ქიმიურ ნივთიერებებს – პარაბენებს ამატებენ. ასე, მაგალითად:

    მეთილპარაბენი (Methylparaben);

    პროპილპარაბენი (Propylparaben);

    ეთილპარაბენი (Ethylparaben);

    ბუტილპარაბენი (Butylparaben).

    თუ დეკორატიული კოსმეტიკის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით შემადგენლობას და შეამოწმეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებს არ შეიცავდეს! ეს იმიტომ, რომ პარაბენის შემცველი კოსმეტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, კანის პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, ორსულობის დროს კი, ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის მოშლა გამოიწვიოს.

    გარდა ამისა, კონკრეტული კოსმეტიკური ნაწარმი, შესაძლოა, სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს, მათ შორის, ნიკელს, ალუმინს, ტყვიას, ბერილიუმს, დარიშხანს… შესაბამისად, აუცილებელია, მომხმარებელს სრული ინფორმაცია ჰქონდეს.

    წყარო: versia.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !