More

    „ეჭვი მაქვს, აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა…“ – მამა იღუმენ დანიელი

    spot_img

    ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მიტროპოლიტის წერილს წერილითვე უპასუხა, სალხინოს მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენ დანიელმა.

    მას მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, ახლა კი ჭყონდიდის მიტროპოლიტი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში განკვეთასაც უპირებს.

    ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

    „ძვირფასო, მეუფე სტეფანე, როგორც ეკლესიის წევრმა, თქვენ წესით უნდა იცოდეთ, რომ გვაქვს საეკლესიო კანონები და ყველას გვევალება მისი ზედმიწევნით დაცვა. ამიტომ შეგახსენებთ: 2021 წლის 5 აპრილს, ჩვენ მივმართეთ წმინდა სინოდს სააპელაციო წერილით, რომლის მიხედვითაც თქვენ გედებათ ბრალი საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში.

    „დავიკლებდი ერთ 15 კილოს, მაგრამ ვერ ვახერხებ“ – მეუფე ნიკოლოზი

    თქვენ მიერ არცერთი მოქმედება არ იყო მოტივირებული ქრისტიანული წესების დაცვით და საეკლესიო სიყვარულით, რაზედაც ფარისევლურად აკეთებთ ხაზგასმას. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონების და სამართლებრივი ტრადიციის გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი უკანონოდ მივიჩნიოთ ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, სანამ არ მივიღებთ პასუხს წმინდა სინოდის განჩინებით. ნუ იქნებით სულსწრაფი და დაელოდეთ აპელაციის პასუხს.

    წმინდა წერილში ეპისკოპოსებზე სიყვარულის სიტყვებით იწყება შეგონება: “ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა”( 2 ტიმ. 1. 6-7).

    წმინდა იაკობ მოციქული წერს: “ნუ თვალღებითა გაქვთ სარწმუნოება”, საქართველოს ეკლესიაში გამეფებული ორგულობა აზიანებს ერთობას, უმეტესი გადაწყვეტილებების მიღება ხდება მიკერძოებით. საქართველო ღელავს: “რომელი იგი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღვისასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა… ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა ზედა გზათა მისთა” (იაკ. 1. 6-8). ეკლესიაში ეს მღელვარება არ დაცხრება, სანამ საეკლესიო სამართლით სიმშვიდე არ დაბრუნდება. მონაზვნებს ეპისკოპოსთა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მოსვენება დაგვიკარგა. კიდევ ერთხელ ნუ იქნებით მიზეზი საეკლესიო პროვოკაციის.

    როგორც იერარქისადმი, მეც ვითხოვ შენდობას თუ რაიმე უნებლიეთ გამოვთქვი და არ იყო ჩემი წოდებისათვის შესაფერისი, მაგრამ ის შეკითხვები, რის გამოც გადაწყდა ჩვენი დასჯა, მიგვაჩნია რომ წმინდა სინოდში არის განსახილველი. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეკლესიაში გვაქვს პრეცედენტი, როდესაც სინოდის წევრთა მიერ განკვეთილ და პედოფილიაში ბრალდებულ მღვდელს პატრიარქმა დაუტოვა ხარისხი და საკურთხეველში ზიარების უფლება, რომელიც თქვენ უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით ამიკრძალეთ.

    რაც შეეხება თქვენს ცნობა – არ ცნობას, ჭყონდიდელ მიტროპოლიტად, უნდა ითქვას რომ პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გვქონდა და არც გაგვჭირვებია თქვენთან ერთად წირვაზე დგომა, სანამ არ დაიწყეთ შეგნებული ცილისწამება. ვინმემ აგიკრძალათ წირვაზე მოსვლა? აგიჯანყდით? წირვაზე არ გიხსენიებდით? შეგნებულად იტყუებით ან მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. იმას რატომ არ იხსენებთ, რის გამო გაურთულდა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას თქვენთან თანამშრომლობა?

    „მოახერხა და მეუფე ანტონი მწყობრიდან გამოიყვანა“ – მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტზე

    შეგახსენებთ: ჩვენ მოვითხოვეთ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდება, რომელიც მან 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდზე წამოაყენა და თქვა, რომ ამ საქმეს ჰყავს უამრავი მოწმე, რომელნიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი არიან იმსახურებენ ქრისტიანულ სიყვარულს და ამ საქმის გამოძიებით პატივისცემას. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით მღვდელმთავარს უფლება ჰქონდა წერილის გარეშეც ზეპირი სახით წარედგინა ბრალი. საქართველოს მართვა გამგეობის დებულება, 1995 წელი; თავი II, § 8. – შენიშვნა: “ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს.”

    სინოდის სხდომის შემდეგ როდესაც ჩამოვიდნენ მღვდელმთავრები, ისინი შეგვპირდნენ რომ ამ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდებოდა, ხოლო სანამ არ გაირკვეოდა დროებითი მმართველი დაინიშნებოდა ჭყონდიდში.

    სანამ არ არის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი გადაწყვეტა, მანამდე როგორ მოხდა ან რომელი კანონების მიხედვით დაგნიშნეს თქვენ? (შედ. ანტიოქიის 27-ე კანონი).

    მიტროპოლიტმა პეტრემ ბრალი იქით წაუყენა კათოლიკოს-პატრიარქს და მოხდა ისე რომ წესების დარღვევით, სრული გაფრთხილების გარეშე და იმპერატიული ტონალობით კათალიკოს-პატრიარქმა ილიამ ერთპიროვნულად შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება და თან ჭყონდიდელის სტატუსიც ჩამოართვა. დაირღვა მოციქულთა 31-ე კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე – 6 კანონი.

    როდესაც ამბობთ, რომ ამბოხში მივიღეთ მონაწილეობა, ესეც სიცრუეა. თქვენ როდესაც იმყოფებოდით ბალდაში და მრევლმა საკუთარი უფლება გამოიყენა საქმის გარკვევის მიზნით დაესვა კითხვები, თქვენ პასუხების სანაცვლოდ მიტროპოლიტ პეტრეზე თქვით, რომ შვილი ყავს. ამან გამოიწვია უკმაყოფილება და თქვენ გაიქეცით, რის შემდეგაც ეს მრევლი მოვიდა სალხინოში, რადგან თქვენ ღიად და საჯაროდ დაგეფიქსირებინათ პოზიციები, თუმცა თქვენ ჩვეულ “გალობას” ვერ გასცდით პასუხების თავიდან არიდების მიზნით. რაც იქ მოხდა, ეს განმარტებასაც აღარ საჭიროებს.

    თქვენ ასევე ბრალს გვდებთ, წირვის უკანონო ჩატარებაში, რაც სიცრუეა. ბრძანება არავის მოუცია აკრძალვასთან დაკავშირებით და შესაბამისად, როგორც წინამძღვარი არც მივცემდი ვინმეს უფლებას აღესრულებინა მსახურება კანონსაწინააღმდეგოდ. მღვდელმთავარი ვალდებულია წინამძღვართან ჰქონდეს კომუნიკაცია და საეკლესიო წესების დაცვით აგვარებდეს პრობლემებს და არა ქუჩური კანონებით.

    ოჯახის მიტოვება, „ძველბიჭობის“ მცდელობა და რექტორობა – მეუფე ნიკოლოზის უცნობი ამბები

    თქვენი უკანონო ქმედებების შემდეგ, გადავწყვიტე რომ ჯერ პასუხი გაგეცათ ყველა გაჟღერებულ ბრალდებაზე (არა მხოლოდ მეუფე პეტრესთან მიმართებით, არამედ ეკლესიაში არსებულ ჯალათურ მეთოდებზე), გაბედეთ და ავაზაკი კეკუტიაც კი აიყვანეთ ამბიონზე, ვინ შეაგულიანა ან ვინ მისცა მას ამის უფლება ეკლესიაში მოეწყო შფოთი? ბზობის წინა დღეს, ჩვენ სპეციალურად მოვედით თქვენთან რომ სიმშვიდე დასადგურებულიყო, ამ მიზნით გამოვაცხადეთ რომ მონასტერი რამდენიმე დღით ჩაიკეტებოდა მომლოცველებისთვის, სანამ ეს პრობლემები ეკლესიის შიგნით არ მოგვარდებოდა. ამის სანაცვლოდ თქვენ რა ქენით? მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადეთ რომ იქ ჩასულიყვნენ და ძალის დემონსტირებით ჩაგეტარებინათ წირვა, რასაც მართლაც მოყვა თქვენი თანამოაზრეების მხრიდან ძალადობა და სცემეს მამა ანანია კალანდია მონასტრის ეზოში. ერთი განცხადება მაინც გააკეთეთ ან დაგმეთ ძალადობა? დედა სოსანა ქუჩაში რომ დატოვეთ, ესეც ქრისტიანული სიყვარულით იყო ნაკარნახევი?

    განმარტებისთვის უნდა ითქვას, რომ კარი არავის არ ჩაუკეტავს, სანამ მოძალადე და ხატის ქურდი კეკუტია არ გამოჩნდა, ვის გვერდითაც თქვენ დაიყენეთ საკუთარი თავი. მშვიდად მოხვედით და კარი არ გაგიღეთ პირველსავე დღეს? სანამ ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართეთ და საეკლესიო კანონების ფეხქვეშ გათელვა არ დაიწყეთ, მანამდე ჩვენ შორის ქრისტიანული სიყვარული სუფევდა.

    რაც შეეხება საეკლესიო ქონებას, ეს არის თითოეული ეკლესიის წევრის. წმინდა სინოდი არის განმკარგავი და ეკლესიის წევრები მზრუნველი. ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო ქონებისადმი უდიერად და გულგრილად მოპყრობის, პირადად მე ეჭვი მაქვს რომ აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქომ და ჭყონდიდში მართვა-გამგეობისთვის დადგენილმა ეპისკოპოსებმა (თქვენ და გრიგოლ კაცია) არ დაიცვით ეკლესიის ინტერესები და საეკლესიო ქონება. შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ პეტრეს დროს ჭყონდიდის ეპარქიაში გაიხსნა წყლის ქარხანა, რომლის 50% ფლობდა ეკლესია, რომლის გადაბარებაც მოხდა 2019 წლის ნოემბრის თვეს შექმნილ კომისიის ფარგლებში თავისი ახსნა-განმარტებებით. წესით, თქვენ გევალებოდათ ამ საკითხის შესწავლა და ქონების დაცვა, როგორც ეს ხდებოდა მიტროპოლიტ პეტრეს მმართველობის დროს, მაგრამ გულგრილობითა და ინტერესის არ ქონის გამო ქარხანა გაიტანეს აუქციონზე და დავკარგეთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ასევე მოექცეთ სალხინოს მარანს, სასახლესა და ღვინის სახლს. თქვენ გსურთ იქ მოიმკოთ, სადაც არ დაგითესიათ. ეპარქიაში ყველამ იცოდა, რომ ამ ქარხნიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა ეპარქიის სამღვდელოების ხელფასსა და ოჯახში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლა-განათლების დაფინანსებას, რომლებიც ამთავრებდნენ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას.

    მთელი ჩვენი ცხოვრება გავატარეთ საეკლესიო კანონების მორჩილებაში და თავს უფლებას არ მივცემთ თქვენი ძალადობრივი გადაწყვეტილებები ვაქციოთ ქრისტეს კანონებზე მაღლა. ასევე დავამატებ, გადაბარება უნდა მომხდარიყო მეუფე გრიგოლ კაციას დროს, რომელიც ისე წავიდა საეპარქიო ქონება არ გადაუბარებია თქვენთვის და ამ დროს საპატრიარქოსგან გაკეთდა განცხადება, თითქოს გადაბარების კომისია იყო შექმნილი.

    შეგახსენებთ, ეკლესიის კანონებით მოქმედება შუიდან კი არ იწყება, იწყება თავიდან და ეს სათავე თქვენ აშკარად გიბნევთ თავგზას.

    კონსტიტუციის მიხედვითაც, ეკლესია იმართება საეკლესიო სამართლის მიხედვით. ჩვენ კი მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე საეკლესიო სამართლის თანახმად, რისთვისაც ველოდებით საეკლესიო კრების გამართვას.

    შევთხოვ უფალს, ერთიან, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში გვედიდებინოს ღმერთი და გვეზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რომლის წინაპირობაც ვფიქრობ, უნდა იყოს ეკლესიის გაჯანსაღება ეკლესიაში არსებულ ქვაბ-ავაზაკთაგან და უკეთურთაგან ეკლესიის განთავისუფლება წმინდა სახარების თანახმად და რჯულის კანონის მიხედვით, რომელიც მალე მოგვმადლოს უფალმა, ამინ!“- ნათქვამია იღუმენი დანიელის წერილში.

    შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა და ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ან პეტრე ცაავას დანაშაული დაამტკიცონ, ანდა ის ეპარქიაში დააბრუნონ.

    ეპარქიის ახალ მმართველს სტეფანე კალაიჯიშვილს სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება და მას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !