More

    „თურმე, შესაძლებელი ყოფილა ნორმალური პირობების შეთავაზება“… – რას წერს ბაია პატარაია

    spot_img
    ბაია პატარაია

    სოფელ შუქრუთის 11 ადამიანი 29 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

    პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება იყო.

    როგორც ცნობილია დღეს, 10 ივნისს, აღნიშნული პროტესტი დასრულდა და მხარეები კონსენსუსამდე მივიდნენ, შეთანხმება შედგა.

    როგორც შუქრუთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, დიალოგის შედეგად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაზარალებული მოსახლეობის ზიანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.

    სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა უფლებადამცველი, ბაია პატარაია და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    „გუშინ ღამე დასრულდა მოლაპარაკებები შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის და შიმშილობა შეწყდა – ადამიანები დაბრუნდნენ შუქრუთში. თურმე შესაძლებელი ყოფილა ნორმალური პირობების შეთავაზება და სამხარაულის ექსპერტიზის ჩართვა ზიანის დასათვლელად.

    უდიდესი მადლობა დავით კაპანაძეს, რომ ბოლო სამი დღე და ღამე მოლაპარაკებასა და კარგი კონტრაქტის წერაში გაატარა შუქრუთელების ინტერესების დასაცავად და შედეგიც დადო.

    მადლობა მედიას და არასამთავრობო სექტორს, მათ შორის, უფლებადამცველებს და აქტივისტებს, რომლებიც საზოგადოებრივ წნეხს ქმნიდნენ კორპორაციაზე მოშიმშილეებთან ერთად.

    ძალების ასეთი მობილიზაციის და პროტესტის უკიდურესი ფორმების გარეშეც უნდა შეეძლოთ სამართლიანი კომპენსაციის მიღება ამ ქვეყნის მოქალაქეებს. სახელმწიფომ ღვთისა და სამოქალაქო საზოგადოების ანაბარა არ უნდა დატოვოს საკუთარი მოსახლეობა, რომელსაც მონსტრი კორპორაცია უპირისპირდება, სახლებს უნგრევს და გარემოს აჩანაგებს.

    ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება ჭიათურელებს. იმედია, ოდესმე შევძლებთ, ვიყოლიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობას იგრძნობს ხალხისა და გარემოს წინაშე. მანამდე კი მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლის წარმოება, მაგრამ თუ გავერთიანდებით, ბევრს შევძლებთ“,- წერს პატარაია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !