More

    „თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“ – ბესელია ივერი მელაშვილს

    spot_img

    „თქვენი სტუდიაში საუბრის ბოლო ფრაზა მოგვიანებით რამდენჯერმე მოვისმინე, ნამდვილად არ ამბობთ „დავით გარეჯი არ არის საქართველო”, თუმცა თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები იძლევა ფართო და საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას“, – ასე მიმართავს პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრს ივერი მელაშვილს. 

    ბესელია ფეისბუქის პირად გვერდზე ღია მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „დღეს ნებისმიერი და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე თემების პოლიტიზირებაა შესაძლებელი“.

    „ღია მიმართვა ივერი მელაშვილს.
    საჭიროდ ჩავთვალე მოგმართოთ ღია წერილით. მინდა ამით ჩემი შინაგანი ემოცია და იმ ადამიანების განწყობა გამოვხატო, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვინც გულწრფელად ღელავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გამო.

    მე, ეკა ბესელია, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თუ ის უსამართლოდ იჩაგრება, ჩემი ცხოვრების პრინციპად მივიჩნევ.
    არასდროს შემშინებია ღია პოზიცია მქონოდა იქ, სადაც უსამართლობას ვხედავდი.

    ნებისმიერი პიროვნების, მისი სახელის, გვარის, თანამდებობის თუ რეგალიის მიუხედავად, უსამართლო ქმედება ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია.

    სამწუხაროდ, თავისუფალი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, დღეს შესაძლებელია ნებისმიერი და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე თემების პოლიტიზირება.

    სწორედ, ამ პრინციპის დაცვით მივესალმე თქვენი და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. მეც ვიყავი იმ დარბაზში, სადაც თქვენ საპატიმროდან გამოსულს გულწრფელად მოგილოცეს თავისუფლება.

    მე არ მესმოდა თქვენი სიტყვები (ხმადაბლა საუბრობდით) მოგვიანებით ვნახე ჩანაწერი და ფრაზა, რომელმაც ბევრს ახალი პოლიტიკური სცენარის მუზა გაუხსნა, ბევრი ფსევდო პატრიოტი, დავით გარეჯი ნანახიც რომ არა აქვთ, მორალს გვიკითხავს ჩვენ, მათ ვინც ვინც იქ წლების წინ ვიდექით მაშინ, როდესაც თვითონ ჩირგვებში იმალებოდნენ. ბევრი კი გულწრფელად აღაშფოთა.

    თქვენი სტუდიაში საუბრის ბოლო ფრაზა მოგვიანებით რამდენჯერმე მოვისმინე, ნამდვილად არ ამბობთ „დავით გარეჯი არ არის საქართველო”, თუმცა თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები იძლევა ფართო და საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას.

    ამიტომ მოგმართავთ ან მკაფიოდ განმარტეთ თავად, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, ან თუ ასე არ ფიქრობთ -მე თქვენს პოზიციას არასოდეს მივიღებ. არც თქვენს და არც არავის – ვინც არ უნდა ამბობდეს ამას“, – აცხადებს ეკა ბესელია.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    👉 ივერი მელაშვილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

    👉 პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here