More

    „იმ დღეს ბაბუამ უკანასკნელად მითხრა მიყვარხარო – 7 წელი დამჭირდა, რომ მისთვის სიკვდილი მეპატიებინა” – ემოციური წერილი

    spot_img

    სოციალური ქსელის მომხმარებელი მალვინა ბერიძე ჯგუფში „წიგნის ჭიები“ ბაბუის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „16 მაისი იყო, 2013 წელი.

    უნივერსიტეტიდან ახალდაბრუნებული ვიყავი სახლის ტელეფონის ხმა რომ გაისმა

    – ბატონო!

    – დე, როგორ ხარ? ბაბუას დღეს ვერაფერი ვაჭამეთ. იქნებ, შენ დაელაპარაკო

    – კარგად, დამალაპარაკე აბა. ბავშვობიდან მე „ვმკურნალობდი“

    – ალოო!! ისეთი ომახიანი ხმით მიპასუხა, მესიამოვნა

    კაცის ხმის ტემბრს რაღაცნაირი მიზიდულობის ძალა უნდა ჰქონდეს. სწორედ ასეთი ხმა ჰქონდა

    – ბაბუ, როგორ ხარ?

    -შვილო(ყოველთვის ასე მომმართავდა), ექვსი ქალის (ბებიაჩემი, დედაჩემი და ოთხი მამიდა) ხელში რაფერ იქნები?

    -გლახად – ავუბი მხარი

    -შეჭამეს ტვინი – ჭამე, ჭამე, არ მინდა, ვერ მივახვედრე ამათ

    – უნდა ჭამო, ამ ბოლოს გახდი ძალიან, თუ არ შეჭამ ბეშუმში ვეღარ წავალთ. გპირდები, გამოცდებს რომ მოვრჩები იმ დღესვე წამოვალ ბათუმში და მერე მე და შენ წავიდეთ მთაში

    – კაი, შენი ხათრით შევჭამ.
    ვაღიაროთ, ეგოისტები ვართ ქალები
    პარალელურად მესმოდა ქალების საუბარი სამი საათი გეხვეწებოდით და ლუკმა ვერ გაჭამეთ
    მე კი რაღაცნაირად ბედნიერი ვიყავი, რომ ოჯახის ყველაზე პატარა ქალბატონის სიტყვას ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა.
    ორი-სამი ლუკმა რომ დარჩა, მითხრა:

    – შვილო, მეყოფა, თორემ ღიპი დამედება, ამ სიბერეში(88 წლის) ნუ გამასუქებ, კაცს ღიპი არ უხდება

    – შენ ღიპიანიც სიმპათიური იქნები
    რა თქმა უნდა, მადლობები დავიმსახურე ოჯახის წევრებისგან და დავემშვიდობე. ყურმილი უნდა დავდო და მესმის:

    -შვილოო!

    -ხო ბაბუ ისევ ყურთან მივიტანე ტელეფონის ყურმილი.

    -ყველაზე მეტად რომ მიყვარხარ ამ ქვეყანაზე, ხომ იცი?!
    წამის მეათასედში ვფიქრობდი, ბოლოს როდის ვუთხარი ბაბუას მიყვარხარ მეთქი, ან თვითონ ბოლოს როდის მითხრა. ვერაფრით ვერ გავიხსენე. რომ ვიზრდებით გვრცხვენია, გვერიდება ან აღარ ვთვლით საჭიროდ რომ ერთმანეთს ვუთხრათ თუ როგორ გვიყვარს. ზოგჯერ ვფიქრობ, საჭირო არცაა ადამიანმა გითხრას როგორ უყვარხარ, თითოეულ გამოხედვაში, დაძახებასა და თითოეულ საქციელში რომ გრძნობ როგორი ძვირფასი ხარ მისთვის.

    – ვიცი, ვუპასუხე დაუყოვნებლივ.
    მეც… მეც…
    ყელში გამეჩხირა თითქოს რაღაც. მეც მიყვარხარ
    იქნებ, თავად ზმნის ბრალია და არა ჩვენი ხშირად რომ არ ვამბობთ. აკაკის არ იყოს,
    „რუსები ამბობენ „ლიუბლიუ“, მხოლოდ ტუჩებით და ენის წვერი ეხება კბილებს;
    სომეხი ამბობს – „სირუმემ“, ისიც ტუჩებს ამოძრავებს და ენას არ აწუხებს;
    ფრანგი იტყვის- „ჟევუზემ“ ოდნავ ტუჩებით, ნაზად;

    ქართველი სულ სხვანაირად გამოთქვამს „მიყვარხარ“. ის მთელ გულმკერდს ამოაყოლებს ამ სიტყვას, გაუჩერდება ყელში და თითქოს მას ახრჩობს. ეს გრძნობა სიყვარულისაა“.
    ალბათ, თითოეული თქვენგანისთვის უკითხავთ რას ვერ აპატიებდი ადამიანსო.
    ბანალურად ვპასუხობთ ყველა: ღალატს, ტყუილს და ა.შ.

    ადამიანს ყველაფერს აპატიებ, რომ გიყვარს, სიკვდილის გარდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამოსვლაც აღარ მინდოდა სოფელში, რადგან თვითონ აღარ დამხვდებოდა. მისი მონატრებული ზღვისფერი, ზღვასავით უძირო თვალები აქ აღარ მელოდებოდნენ. 7 წელი არ დავრჩენილვარ სოფლის სახლში.
    ალბათ, 7 წელი დამჭირდა, რომ მისთვის სიკვდილი მეპატიებინა.

    ვაღიარებ, ბოლომდე მაინც ვერ ვაპატიე ავად რომ გახდებოდა ძალიან განვიცდიდი ,,შვილო, ჩემზე არ იდარდო, სანამ შენ ქორწილში განდაგანას არ ვიცეკვებ, იმ დუნიას ისე არ წავალო.“
    მაინც წავიდა

    16 მაისი იყო, 2013 წელი. იმ დღეს ბაბუამ უკანასკნელად მითხრა მიყვარხარო.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !