More

    ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა

    spot_img

    მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეაფასეს 2020 წლის დეკემბერში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა.

    მინისტრის მოადგილემ სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე.

    უწყების ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ახალგორის რაიონში, ისევე, როგორც ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

    მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე.

    შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობა.

    „ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც იურიდიულად ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე.

    მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე.

    ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

    ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here