More

    „მოსამსახურე ხარ… რადგან ფულს გიხდიან, ყველაფერი უნდა გააკეთო“ – ძიძობის ტვირთი საქართველოში

    spot_img

    საქართველოში ძიძის ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალშემოსავლიანი ის ოჯახი, რომელსაც ძიძის აყვანა სურს. გარდა იმისა რომ ძიძების ანაზღაურება მიზერულია, მათ საარსებო მინიმუმის შოვნისთვის იმაზე მეტი საქმის გაკეთება უწევთ ვიდრე რეალურად ევალებათ.

    „როცა არაფორმალურ შრომაში ხარ ჩაბმული, სახელმწიფოსთვის არ არსებობ, არავინ ხარ, ჩვეულებრივი მოსამსახურე ხარ, რომელსაც არათანასწორად ეპყრობიან. ზოგი თვლის, რომ რადგან ფულს გიხდიან, ყველაფერი უნდა გააკეთო. როცა რამდენჯერმე დამატებთ ფუნქციას შეითავსებ, ეს შემდეგ იღებს სისტემატურ ხასიათს და გადადის მოვალეობაში. მით უმეტეს, როცა ბავშვზე ემოციურად ხარ მიბმული, ეს ემოცია ბევრ რამეს გაკეთებინებს,“ – ამბობს რესპონდენტი ლია ჩაბოშვილი, 54 წლის ძიძა, რომელიც გამოიკითხა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სოფო შუბითიძის საინიციატივო ჯგუფის მიერ.

    ბავშვებზე ზრუნვის გარდა, ოჯახებში ისინი ყოველდღიური საშინაო საქმის დიდ ნაწილს ასრულებენ, დამქირავებლებს დასვენების დროს უზრდიან და შემოსავლის გაზრდისა და მინიმუმ, არშემცირების საშუალებას იღებენ.

    ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საშინაო შრომაში დაქირავებით ჩართული ადამიანები, დამქირავებელთა შემოსავლების 1,5-ჯერ გაზრდის საფუძველი ხდებიან. თუ კი ხელფასი X ლარი გვაქვს, ჩვენი შემოსავლის 20%-ს ძიძას ვუხდით და 80% „გვრჩება“, ძიძის გაწეული სამუშაო ჩვენი გასაკეთებელი რომ იყოს, შემოსავალი, მინიმუმ, გაგვინახევრდებოდა. ძიძების ყოლა საშუალებას აძლევს იმაზე 30%-ით მეტი გამოიმუშაოს ადამიანმა, ვიდრე მათ გარეშე შეძლებდა. ფაქტობრივად, ძიძებისთვის გადახდილი ფული გარკვეული ინვესტიციაა, რომელიც „ინვესტორს“ ყოველ თვე ჩადებულ თანხაზე 1,5-ჯერ მეტ მოგებას აძლევს.

    ძიძების ირიბი პოზიტიური წილი ეკონომიკაში, სამწუხაროდ, დათვლილი არაა. მაგალითით გეტყვით რას ვგულისხმობთ. თუ ადამიანი, რომელსაც ძიძის დახმარებით საშინაო და აღმზრდელობითი საქმიანობის უდიდესი ნაწილის შესრულება არ უწევს და მისი შექმნილი დოვლათი, პირობითად, X-ს უდრის, რამდენის შექმნას შეძლებდა ძიძის არყოლის შემთხვევაში.

    ძიძების უდიდესი ნაწილი მოკლებულია სამსახურებრივ ჯანმრთელობის დაზღვევას, როცა იგივე პირობები ხელშეკრულებით დასაქმებულთა შემთხვევაში საპირისპიროა. ფაქტობრივად, სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების შემთხვევაში, მედიკამენტების ყიდვაც საკუთარი გასამრჯელოდან უწევთ. ეს მიზერული ნაწილია.

    კიდევ ერთი საინტერესო და ბევრისმთქმელი მაჩვენებელი გახლავთ დასაქმებული ძიძების საშუალო ასაკი. მათი უმრავლესობა შუა ხნის ასაკის (50-70) ქალები არიან, რისი მიზეზიც გასაგებია. ძიძების დიდი ნაწილი დროის უდიდეს ნაწილს სახლიდან შორს ატარებს, საკუთარი ბავშვის აღზრდის დრო კი არ აქვთ. თუ მშობლის მზრუნველობის ნაკლებობის პირობებში ბავშვის სრულფასოვნად აღზრდას ძიძა სჭირდება, ძიძად დასაქმებულს ძიძის აყვანის რესურსი არ აქვს. შესაბამისად, ძიძები საკუთარი მცირეწლოვანი შვილების სრულფასოვნად აღზრდას ვერ ახერხებენ. ცხადია, ამ პირობებში მყოფი ადამიანები არიან, მაგრამ სწორედ ამ უდიდესი პრობლემის თავიდან აცილების გამო ძიძად ის ქალები მუშაობენ, ვისაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი არ ჰყავს. როგორია, როცა სხვის შვილს ზრდი, შენი შვილის აღსაზრდელად კი ფული არ გყოფნის?!

    თუ ძიძების ანაზღაურების დაბალ მაჩვენებლებსა და ძიძების ასაკს გავითვალისწინებთ, თვალწინ ძალიან ცუდი სურათი გვიდგება. ახალგაზრდა, ფინანსურად წარმატებულმა თაობამ, რომლებმაც ასაკოვნები სხვადასხვა კონკურენტანაზღაურებად სამსახურებში დავიწუნეთ, ამ დაწუნებულებს ჩვენივე ინტერესებს ვუქვემდებარებთ და მათ ხარჯზე ისევ ჩვენს შემოსავლებს ვზრდით. თან ეს ჩვენი მშობლების თაობაა…

    2011 წელს გაერომ საშინაო საქმეში ჩართული მშრომელების უფლებათა დაცვის კონვენცია მიიღო, რომლის რატიფიცირებაც მსოფლიოს 31 ქვეყანამ მოახდინა, მათ შორის საქართველო არ გახლავთ. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არც ძიძების და არაფორმალურ შრომაში ჩართული არც ერთი სხვა ჯგუფის პროფესიული კავშირი არ ჩამოყალიბებულა, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ ადამიანთა უფლებების დაცვას. ეგ კი არა, ამ ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციაც კი არ არსებობს საქართველოში… დღეს საქართველოში აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი ძიძების პრობლემებზე მუშაობს, მათ შორის ძიძების თემთან ურთიერთობის და კომუნიკაციის კუთხით საქმიანობს სოფო შუბითიძის საინიციატივო ჯგუფი – „ალტერნატივა სოციალური განვითარებისთვის“, რომელიც სამომავლოდ ძიძების შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებებით იმუშავებს. თუმცა, ამ და არა მხოლოდ ამ აქტივობის ეფექტიანობა იმაზე დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვებიან მასში ძიძები, რამდენად იაქტიურებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უფლებების დაცვაზე უარს თუ ვიტყვით, სხვა ამას არ/ვერ გააკეთებს.

    წყარო: www.mshoblebi.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !