More

    „მცემდა, შვილის მოკვლით მემუქრებოდა, 2 000 ლარის გადახდას მთხოვდა და ნერვიულობის ფონზე ნაყოფი დავკარგე“- გაუხმაურებული ამბავი

    spot_img

    ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“  ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელზეც მეუღლე სისტემატურად ძალადობდა. 

    როგორც მათ მიერ გამოქვეყნებული ისტორიიდან ვიგებთ, მ. პ.-მ პოლიციას რამდენჯერაც მიმართა, ქმრის მუქარის ქვეშ იმდენჯერ იმის უარყოფა მოუხდა, რომ მისგან იყო ნაცემი. საბოლოოდ, მოძალადემ შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო – ყველა მისი ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა, რადგან, მ. პ.-ს, მისი მუქარის ქვეშ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო, იქით ელოდა სამართლებრივი სასჯელი.

    „პირველად სექსუალურად რომ იძალადა, ჩვენი ქორწილის ღამე იყო. მე-4 თვის ორსული ვიყავი“ – გაუხმაურებელი ამბავი

    მ. პ.: ერთ დღესაც, სახლში რომ მივედი, ჩემმა ქმარმა უცაბედად კარი გადაკეტა, ფანჯრები მიხურა, ტელევიზორს ხმა აუწია და ჩემ ცემას შეუდგა. აზრზეც ვერ მოვედი, ნამდვილი შოკი იყო. მეუბნებოდა, ხმა არ ამოიღო, უნდა მოგკლა, სახლიდან ცოცხალი ვერ გახვალო. ამას გარდა, ფულს მთხოვდა, 2 000 ლარი უნდა გადამიხადოო.

    ისე მოხდა, რომ სახლიდან გამოქცევა მოვახერხე. გავრბოდი, ის კი უკან მომდევდა. მეგობრის ოჯახში შევაფარე თავი, შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, თუმცა არც ამ დროს შემეშვა: ტელეფონზე დამირეკა და იმუქრებოდა, რომ თუ გაბედავ და იტყვი, რომ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე, შენ გაგამწარებ, შენ შვილს კი მოვკლავო. მამაჩემი ავადმყოფია და მასაც გადასწვდა – მის მოკვლასაც დამპირდა.

    ამ ზეწოლის ფონზე, სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა ის, რომ პოლიციაში ამ ინციდენტის შესახებ არაფერი მეთქვა.

    ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, თუმცა მისთვის ამას ხელი არ შეუშლია. სამსახურისთვისაც დამანებებინა თავი, ყველანაირი შეზღუდვა დამიწესა. ნათესავებთან ურთიერთობაც კი ამიკრძალა. საკუთარ შვილთან ურთიერთობასაც კი მიშლიდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს.

    „12 დღე ორმოში მალავდნენ… მოკლეს მამამთილი, დედამთილს კი გულში ესროლეს…“ – სისხლიანი დანაშაულის საქმე

    ყველაზე მწვავე კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც მითხრა, შვილთან არ წახვიდე, არაფერი გაუკეთო, საერთოდ არ მიეკაროო. მისი დაჟინებით, 17 წლის შვილთან ურთიერთობა სამუდამოდ უნდა გამეწყვიტა. მუდმივად იმეორებდა, ფული მაქვს, პოლიციაში მივალ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ვერავინ შემეხება, პასუხს ვერავინ მომთხოვს, სუფთა ვარ, კრიმინალური წარსულიც არ მაქვსო.

    რეალურად ჰქონდა რამის/ვინმეს იმედი, თუ თქვენს დასაშინებლად იმუქრებოდა?

    სამწუხაროდ, საქართველოში მართლა ყველა იყიდება… სახლიდან წამოვედი, რადგან მასთან ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი იყო. მორიგ ჯერზე მითრია თმით, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილის შეჯიბრზე არ უნდოდა, წავსულიყავი.

    დედამისმა და მისმა დამ ყველაფერი იცოდნენ. ვუთხარი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, რომ ჩვეულებრივი მონა ვიყავი ამ სახლში.

    მყავდა ადვოკატი მეგობარი. დავუკავშირდი, დახმარება ვთხოვე. თუმცა, როგორც ჩანს, მას ჩემი ქმარიც დაუკავშირდა და სავარაუდოდ, ფული გადაუხადა. ყოველ შემთხვევაში, სულ მალე, ჩემი ადვოკატი მის მეგობრებში აღმოჩნდა. შედეგად, ჩემზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტებზე საქმეც არ აღძრულა, საბუთებიც კი არ წარადგინა

    აფექტურად ძალადობდა თქვენზე თუ ამას თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდა?

    თქვენვე განსაჯეთ, სოციალური ქსელებით სარგებლობაც კი დამიბლოკა, სრულ იზოლაციაში ვყავდი მოქცეული.

    თქვენი ორსულობა როგორ მიმდინარეობდა ამ პირობებში?

    თავს მეგობრის ოჯახში ვაფარებდი, ჩემი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამასობაში, ბავშვიც დავკარგე… საშინელი სტრესის ფონზე, ეს ამბავი ჩემთვის კიდევ უფრო მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. მუდმივად ვტიროდი, ცუდად ვიყავი, რაც ჩემი დედამთილისთვის იმის თქმის საფუძველი გახდა, რომ „ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვიყავი“.

    ვერ წარმოიდგენთ, როგორ უიმედო მდგომარეობაში ვიყავი იმ მომენტში. ქმრისგან კი წამოვედი, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა ჩემ დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. პოლიციაშიც კი მივედი დახმარების სათხოვნელად, მაგრამ განყოფილების უფროსმა განმიცხადა, ჭკვიანად იყავი, ეგ საქმე შენ წინააღმდეგ არ შემოგიბრუნდეს და ციხეში წასვლა არ მოგიწიოსო.

    სწორედ ამ პერიოდში, შემთხვევით ნათესავმა დამირეკა, მომიკითხა. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მან მაშინვე მითხრა, რომ ბაია პატარაიასთვის და მისი ორგანიზაციისთვის მიმემართა.

    ამ მდგომარეობაში მყოფმა მივწერე ბაია პატარაიას. შაბათ-კვირის დასვენებები იყო, „საფარის“ ადვოკატის ელისო რუხაძის ნომერი მომცა.

    ელისომ სასაუბროდ დამიბარა, მაგრამ ისეთ უკიდურეს სტრესში ვიყავი, რომ მასთან მისულს ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა. განუწყვეტლივ ვტიროდი, ვერ ვუხსნიდი, რაში იყო საქმე.

    პირველი, რაც ელისომ გააკეთა, ფსიქოლოგს დამაკავშირა, რომ ცოტათი მაინც გონს მოვსულიყავი. შემდეგ, ელისო პოლიციაში და ექსპერტიზებზე გამომყვა.

    დიდი ხნის მანძილზე, ელისოს ვურეკავდი და ჩემ პრობლემებზე ვესაუბრებოდი. საშინელი შიში მქონდა იმისა, რომ როგორც პოლიციაში მითხრეს, მე არ აღმოვჩენილიყავი ბრალდებული, რადგან მანამდე, ჩემი ქმრის ზეწოლით, როგორც გითხარით, ცრუ ჩვენება მქონდა მიცემული, რომ დაზიანებები კიბიდან დაგორების შედეგად მივიღე და არა – ჩემი ქმრისგან.

    ჩემი ეს ჩვენებები ძალიან არეულია, ჯერ ვამბობ, დამაყაჩაღეს და ამის გამო დავზიანდი-მეთქი, შემდეგ – კიბიდან დაგორების შესახებ ვსაუბრობ. ჩემმა ამჟამინდელმა გამომძიებელმა ისიც კი მითხრა, გამომძიებელი რომ ხარ და ადამიანი დღეში სამჯერ ცვლის ჩვენებას, ზეწოლის ნიშნები კი უნდა შეამჩნიო საქმეშიო.

    სახეზე ნაცემი ვიყავი, ყელში წაჭერის ნიშნები მქონდა, სხეული – დაზიანებული, და პოლიციელმა ჩამსვა მანქანაში ყოფილ ქმართან ერთად და ასე ერთად წავედით პოლიციაში. და ამ ფონზე, მე განვაცხადე, ჩემზე ძალადობა არ ყოფილა-მეთქი.

    ანუ, სანამ ჩემს საქმეში „საფარი“ არ ჩაერია, პოლიციის მხრიდან ჩემ მიმართ მუდმივად იყო აგდებული საუბარი და უგულებელმყოფელი დამოკიდებულება. ჩემი ყოფილი ქმარი ფიზიკურად მაღალი არაა, და პოლიციაში მუდმივად იმას მიმეორებდნენ, კარგი ახლა, ეს როგორ მოგერია, არ გვჯერაო. ისე იყვნენ განწყობილნი, თითქოს მე ვიყავი მოძალადე და ჩემი ქმარი კი – მსხვერპლი.

    გარდა ამისა, დიდი ზეწოლა იყო ჩემი დედამთილისგანაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური პრობლემები მქონდა და „შეშლილი ვიყავი“. აბა, როგორ შეიძლება ბავშვის დაკარგვის გამო ამდენი ნერვიულობაო? – უკვირდა.

    დღეს დაზარალებულად ვარ ცნობილი და ეს ყველაფერი ელისოს გაკეთებულია… ჩემმა ყოფილმა ქმარმა ერთის ნაცვლად ორი ადვოკატი აიყვანა, ჩემ მიმართ აგრესიული ვეღარაა, აღარ მემუქრება და პოლიციაშიც აღარ დადის ცილისმწამებლური განცხადებებით“, – ამბობს მ. პ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !