More

    „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა – ირაკლი კობახიძე

    spot_img

    „ნაციონალური მოძრაობის ” მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    „როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტში შემოსვლის შესახებ.

    პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის მანძილზე ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა.

    „ვერ დამიჭერთ“, „არ გამოვალ“, და „არ შევალ“ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული.

    ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს.

    მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება.

    უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება.

    გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

    დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა”, – განაცხადა კობახიძემ.

    ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული იყო და დამტკიცდა, რომ მიტაცებული სახელმწიფოს გასათავისუფლებლად ბრძოლა შეუძლიათ“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !