More

    ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია, რომელმაც მიიღო ხალხის მხარდაჭერა, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას

    spot_img

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის საბოლოო ანგარიშში 2020 წლის არჩევნებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული  და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას, – ამის შესახებ განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ დღეს გამართულ პარლამენტის სხდომაზე.

    მან კოლეგებს გაუზიარა ის შედეგები, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას აქვს სტრასბურგში და განაცხადა, რომ ამ დღეებში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც ჩვენი საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს, ირაკლი კობახიძე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად.

    „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოს პარლამენტისთვის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რადგან ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ევროპის საბჭოს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული და საჭირბოროტო.

    რა თქმა უნდა, ეს ეხება პირველ რიგში დეოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებს და რუსეთის ფედერაციის მიერ დღენიადაგ ადამიანის უფლებების დარღვევებს, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში.

    თუმცა, გარდა ამისა არის რიგი სხვა საკითხებისა, დემოკრატიზაციის საკითხები, ასევე ქვეყანაში კანონის უზენაესობის საკითხები და ეს ტრიბუნა იძლევა საშუალებას, რომ საქართველო მუდმივად იყოს როგორც საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ზოგადად ევროპის საბჭოს დღის წესრიგში“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

    მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანიამ, რომელმაც საქართველოსგან თავმჯდომარეობა გადაიბარა, საქართველოს მიერ წარდგენილი პრიორიტეტებიდან ადამიანის უფლებების საკითხი და გარემოს დაცვის საკითხი დატოვა საკუთარ პრიორიტეტებში და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მიერ დაყენებული საკითხები მხარდაჭერილია ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მიერ.

    ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დამტკიცდა 2020 წლის მონიტორინგის ანგარიში, სადაც ძალიან საგულისხმო ერთი ფრაზა, ჩაიწერა, როგორიც არასოდეს ჩაწერილა ასეთი ტიპის ანგარიშებში. კერძოდ, იქ წერია, რომ ოპოზიცია, რომელმაც მიიღო ხალხის მხარდაჭერა, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას.

    „მე მგონი, ეს ჩანაწერი, რომელსაც ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფო აწერს ხელს, ძალიან საყურადღებო უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ოპოზიციისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის“.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, არის გუშინ დამტკიცებული კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც სასამართლო დავებთან არის დაკავშირებული და ამ ანგარიშში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას დააკისრა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ და არაჰუმანურად გამოძევების გამო რუსეთის ფედერაციიდან. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გადაიხადოს ეს თანხა და ასევე ვადაგადაცილებული პროცენტებიც.

    „ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ წინა კვირას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომლის აღსრულებაც ასევე რუსეთის პასუხისმგებლობა იქნება და შესაბამისად ეს არის შეხსენება რუსეთისთვის, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებაც უნდა აღასრულოს და ის სასამართლო გადაწყვეტილებაც, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული.

    ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ეს არის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here