More

    ორცოლიანობა, არასრულწლოვანთან ქორწინება, 12 შვილი და მუქარა ქართველი ჟურნალისტისადმი – ყველაფერი რამზან კადიროვის შესახებ

    spot_img

    რამზან კადიროვი  2007 წლის 15 თებერვლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.

    ის „ერთიანი რუსეთის“ (რუს. Единая Россия) უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი, რუსეთის ფედერაციის გმირი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.

    კადიროვის მიღწევებად მიიჩნევენ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებას და ომის დროს დანგრეულ გროზნოს აღდგენას, ხოლო ადანაშაულებენ დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში, ადამიანთა უფლებების დარღვევასა და კორუფციაში.

    ოჯახი

    1996 წელს რამზან კადიროვი მედნი მუსაევნაზე დაქორწინდა. წყვილს 12 შვილი ჰყავს.

    მათი ერთ-ერთი ვაჟი ხადიზატი 2016 წელს ჩეჩნეთის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლის სტატუსის მფლობელი გახდა და ამავე წელს რუსეთის საუკეთესო მოსწავლეებს შორის იყო წარდგენილი.

    ქონება

    მედიის ინფორმაციით, კადიროვის ქონება დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ფლობს რამდენიმე ძვირად ღირებულ ვილას ჩეჩნეთში. აქვს სპორტული ავტომობილების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორისაა Lamborghini Reventón, რომელიც მსოფლიოში სულ 20 ცალია.

    ხალხისთვის ცნობილი გახდა მისი 300-ათასდოლარიანი სასახლე, მისი რეზიდენცია, მოოქრული და ოქროს ნივთებით, მოზაიკური იატაკებით, უძვირფასესი ჭაღებით და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხაზინის ხარჯზე შეისყიდა და გააკეთა და არა თავისი ჯიბიდან.

    კადიროვს ასევე აქვს ჩეჩნური ხმლების იშვიათი კოლექცია.

    მრავალცოლიანობა

    რამზან კადიროვი პოლიგამიის მომხრეა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მუსლიმ მამაკაცებს სრული უფლება აქვთ ერთზე მეტი ცოლი ჰყავდეთ და ამაში ცუდი არაფერია. მისი თქმით, მრავალცოლიანობა რუსეთში დემოგრაფიულ მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა იქნებოდა.

    გამოცემა „პროექტის“ ინფორმაციით, რამზან კადიროვი სინამდვილეში ორცოლიანია. 42 წლის ოფიციალურ ცოლთან, მედნისთან ერთად მეორე ცოლი – ფატიმა ხაზუევა ჰყავს. მუსლიმური კანონების მიხედვით, მრავალცოლიანობა დასაშვებია, სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციაშია ორცოლიანობა აკრძალული.

    მათივე ცნობით, კადიროვმა მეორე ცოლი 2006 წელს, ჩეჩნეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე გაიცნო. მაშინ გოგონა 15 წლის იყო და მეორე ადგილი დაიკავა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ფატიმა ცოლად შეირთო. ინფორმაცია ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმაც დაადასტურა, რომელსაც ხაზუევას ძმებსა და თანასოფლელ გოგონასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

    „პროექტის“ თქმით, კადიროვის მეორე მეუღლე დიდ ქონებას ფლობს. კერძოდ, ჩეჩნეთის დედაქალაქში მას მდიდრული სასახლე აქვს, რომელიც კადიროვის რეზიდენციის პირდაპირაა და მისი ზუსტი ღირებულება უცნობია.

    სოციალური მედია

    რამზან კადიროვი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში. 2016 წელს მას მხოლოდ Instagram-ზე 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ამასთან ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა რუსულ სოციალურ ქსელ VK-ზე, Facebook-ზე კი 300 000-ზე მეტი.

    რუსულ პრესაში კადიროვს ხუმრობით ხშირად მოიხსენიებდნენ რუსეთის ყველაზე პოპულარულ ბლოგერად.

    თუმცა სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, კადიროვის ანგარიშების უმეტესობა წაშლილია.

    კადიროვს ძალიან უყვარს ველური ცხოველები და ჩეჩნეთში საკუთარი ზოოპარკი აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებიდან ჩანს, რომ მას განსაკუთრებით ძაღლები, ლეოპარდები და ვეფხვები უყვარს.

    პუტინთან მეგობრობა

    კადიროვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ საკუთარი სიმპათია არაერთხელ გამოუხატავს. მას ის ხშირად მამათიც მოიხსენიებს.

    „ჩემთვის ვლადიმერ პუტინი მისაბაძი ადამიანია. მინდა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყოს. მე ის ძალიან მიყვარს. ის სიტყვის კაცია. ისინი, ვინც პუტინს აკრიტიკებენ ჩემი პირადი მტრები არიან“,-განაცხადა კადიროვმა 2010 წელს.

    ნეგატივი საქართველოს მიმართ

    „ჩემი მცველი ნებისმიერ ქართველ მებრძოლს ერთი დარტყმით მოკლავს. ქართველები ძალიან სუსტები და უსუსურები არიან. მათ არ ჰყავთ ისეთი მებრძოლი, რომელიც ჩემ მცველს აჯობებს.

    ქართველები მხოლოდ ძიუდოში არიან ძლიერები, სხვა სპორტში კი, არაფერი გაეგებათ. მხოლოდ ერთ ძლიერი ქართველი მახსენდება ზურაბ ზვიადაური. მისი დიდი ფანი ვიყავი, როდესაც ჭიდაობდა, ვფიქრობ, მისნაირი ქართველებს აღარ ჰყავთ, მას პირადად დიდ პატივს ვცემდი, როგორც სპორტსმენს და როგორც ადამიანს“,- განაცხადა კადიროვმა.

    მუქარა ქართველი ჟურნალისტისადმი

    15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.

    მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

    კადიროვი ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტის გინების მერე დაიმალოს, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს ცემს“.

    რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვმა გაბუნია „არარაობად“ მოიხსენია და მას კავკასიის შვილად არ აღიარებს, რადგან კავკასიაში ასეთი სიტყვებით მოსისხლე მტერსაც კი არ მიმართავენ.

    კადიროვი მოითხოვდა, გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო და საქართველოს ხელისუფლებას პუტინისთვის ბოდიშ მოეხადა.

    „ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს“,- წერდა კადიროვი.

    ხანგოშვილის „მკვლელობა“

    2019 წელს, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოკლეს. გერმანელი პროკურორები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოები იდგნენ.

    კადიროვის განცხადებით, ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს და მისი მკვლელობის შემდეგ ერთი ტერორისტით ნაკლებია.

    „ის თავად მოკლეს, როდესაც საჭირო აღარ იყო. ახლა კუდს აქნევენ – რუსეთი, ჩეჩნეთი… ეს ჩვენ არ გვეხება. ის საქართველოს მოქალაქეა… ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩართული, საქმით დავამტკიცებდით და არა – სიტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს კადიროვმა.

    ნობელის პრემია

    ჩეჩნეთის ლიდერი მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. კადიროვის კანდიდატურა ნორვეგიის წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

    „რამზან კადიროვი პრემიაზე წარდგენილია, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ისტორიულად რთულ ჩეჩნეთის მხარეში საიმედო მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“, – წერდა ადგილობრივი მედია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !