More

    „ოცნებისთვის გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს“ – გიგი უგულავა

    spot_img
    უგულავა გიგი

    „ნეოქოც გახარიაზე ფოკუსის გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ არქიქოცებს. შევხედოთ გახარიას ცივად და გულგრილად. „ოცნებისთვის“ ის ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს. დანარჩენი რეალურ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. იქნება ერთობა – იქნება გამარჯვება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

    უგულავა გიორგი გახარიას მიერ პარტიის „საქართველოსთვის“ დაფუძნებას და მის პოლიტიკურ ხედვებს ეხმაურება.

    როგორც უგულავა ამბობს, გახარიასგან დიდი აღიარებები მოსალოდნელი არ არის.

    „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გახარიელმა ქალბატონმა დეპუტატმა ტელეკამერას თვალი ჩაუკრა. ამ კადრს გახარიას თვალისჩამკვრელი ცნობილი კადრი მოება. ეტყობოდა რომ ეს ახალი პარტიის ბრენდია, „ფიშკაა“. როგორც სჩანს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს გახარიას მაგარ ტიპად წარმოაჩენს. დღეს ბატონმა ქემოკლიძემ უკანასკნელი ეჭვები გაფანტა, თურმე „ოცნების“ პირობებში პოლიტპატიმრები არ გვყოლია, რომ 20 ივნისს პოლიციას ხალხი შემოეცემა, თურმე სასამართლოც თავისუფალი ყოფილა. ფაქტიურად, მანაც შეფის მსგავსად თვალი ჩაგვიპაჭუნა.

    არადა, მართლა ანთროპოლოგიური ქოცი უნდა იყო, რომ ვერც იგრძნო, როცა გახარია ხარ, სიტყვა თვალი ლექსიკონიდან უნდა ამოიღო, არათუ თვალის პაჭუნით თავს იწონებდე. მინიმუმ ხომ ქვეყნის 2/3 პირდაპირ შეგაგინებს 20 ივნისის გამო, რაზეც მან პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო ბოლო ბავშვები გახარია-თვალთხარიას მღეროდნენ ქუჩაში. მაგრამ აქ მთავარი სხვაა – ისინი ამას ვერ ვხვდებიან და გულწრფელად მოსწონთ თვალის პაჭუნი. ესაა ქოცობა, აქეთა საქართველოს, აქაური ტკივილის მიმართ, სრული უცხოობა. მარტივად, ესენი ქოცები არიან და არაფერი უნახავთ ქოცობის მიღმა. შეიძლება უფრო ადამიანური სახე აქვთ, მაგრამ ეს არ ცვლის არსს – გახარია და გახარიელები ქოცები არიან.

    ამიტომ არარელევანტურია ქექვა, დგას თუ არა ივანიშვილი მის უკან. ივანიშვილი ბოღმა კაცია და შეიძლება ახლა გახარია გულძმარვამდე სძულდეს, მით უფრო სძულთ ის ღარიბაშვილ-კობახიძეს. მათი ბრძოლა ბოღმითა და ღვარძლით იქნება სავსე, ოღონდ ეს იქნება ბროძლა ბიძინა-მზის ქვეშ უკეთესი ადგილისთვის. ამავე დროს, ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არაა. ფოკუსის ნეოქოც გახარიაზე გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ არქიქოცებს. სინამდვილეში, გახარია ოცნებისთვის ტროას ცხენია, რომელიც მას 43%-ს ქვემოთ დატოვებს. ნუ ველოდებით გახარიასგან რაღაც დიად აღიარებებს, მაქსიმუმ რამდენიმე კორუფციული სკანდალი გახეთქოს, ისიც თუ ვინმე მისიანი დაიჭირეს. რომც არსებობდეს ორი პროექტი, ივანიშვილის ძალაუფლება დაეცემა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს დაცემა იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ ვერანაირი მეორე პროექტი ვერ უშველის. შევხედოთ გახარიას ცივად და გულგრილად. ის ნებსით თუ უნებლიეთ ლურსმანს აჭედებს „ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე. დანარჩენი რეალურ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. იქნება ერთობა – იქნება გამარჯვება“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !