More

    პატიმრობა 17 წლის ასაკში, შვილის სუიციდი, კოლონიის დამლაგებლობაზე უარის თქმა და „ურჩი პატიმარი“ – „ერის სინდისის“ – მერაბ კოსტავას პორტრეტი

    spot_img

    სანამ დისიდენტობას გადაწყვეტდა, მერაბ კოსტავა პიანისტი იყო, რომელსაც პედაგოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, მერაბი ამ გზას არ გაჰყვა. უნდოდა, დისიდენტური საქმიანობისთვის მეტი დრო ჰქონოდა. 

    დისიდენტობა კი ბავშვობიდან დაიწყო, შესაბამისად დევნაც. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი რამდენიმე მეგობარი ქუჩებში პროკლამაციებს აკრავდნენ, რომლის ბოლოს ასეთი რამ ეწერა „რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის“.

    დღეს, დამოუკიდებლობის დღეს დაბადებული დამოუკიდებლობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას შესახებ გიამბობთ.

    დედამისისთვის უთქვამს: „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე – ზვიადი, მერე კი შენ მიყვარხარო“…

    მოღვაწეობა

    პირველად 17 წლისა დააპატიმრეს – მეგობრებთან ერთად ანტისაბჭოთა პროკლამაციები გაავრცელა. მაშინ ყმაწვილებს პირობითი სასჯელი და საჯარო ლანძღვა-გინება აკმარეს. იმ ყმაწვილებიდან პოლიტიკური, ანდა როგორც მაშინ ეძახდნენ, დისიდენტური მოღვაწეობა, მხოლოდ ორმა – მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ განაგრძეს, რისთვისაც ორივე 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს. მერაბ კოსტავამ 10-წლიანი სასჯელი მოიხადა. ამ დროის განმავლობაში მისი ციმბირული „თავგადასავლები“ ლეგენდებივით აღწევდა სამშობლოში.

    მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს.

    იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი – 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წელს გაათავისუფლეს, რასაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.

    პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მერაბ კოსტავამ, თავისი ქალიშვილი თამარი (თამთა) პირველად 10 წლისა ნახა.

    არასდროს მქონია სურვილი, შვილები და ოჯახი მყოლოდა – რის გამო ვერ დაქორწინდნენ თამრიკო ჩხეიძე და მერაბ კოსტავა

    „1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, დედაენასთან დაკავშირებით ახალგაზრდობა, რომ გამოვიდა, პირველად მაშინ დავინახე პლაკატი – „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას“. ხალხი კითხულობდა – „ვინ არის მერაბ კოსტავა, რატომ თავისუფლება, დაპატიმრებულია?“ მოგვიანებით გავიგე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ხეზე ავიდნენ და ეს პლაკატი ისე აღმართეს. 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში მერაბი ძალიან თავისუფალი, ლაღი დაბრუნდა. ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი, ყველაფერ იმაზე, რაზედაც მანამდეც წერდა, ფიქრობდა. გარშემომყოფებს თავს არასდროს ახვევდა ვაჟიშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს“,- იხსენებს მერაბ კოსტავას ნათესავი ციცინო მაღლაფერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

    ბოლო 26 მაისი მერაბ კოსტავამ 1989 წელს აღნიშნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მანამდე, გამთენიისას ნარიყალაზე სამფეროვანი დროშა აიტანა და მიტინგზე წასვლის წინ იქ ხელმეორედ ავიდა – დროშა ხომ არავინ ჩამოხსნაო.

    მკაცრი რეჟიმის კოლონია

    1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილისა და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილეობით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე განიხილა. ისინი 71-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გაასამართლეს – ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და 3-3 წელი მიესაჯათ. ამ სასჯელს დამატებითი სასჯელი – გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა, რომ საზოგადოებისგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ…

    გადასახლებაში, ქალაქ ირკუტსკში, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე პროვოკაცია მოუწყვეს და ახალი ბრალდება – ხულიგნობა შეუთითხნეს. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ კოსტავამ ჩხუბი ატეხა, იმ დროს მილიციელმა მას წესრიგისკენ მოუწოდა, ის არ დაემორჩილა, მილიციელს მაისური შემოახია და ხელისკვრით ძირს დააგდო. ამ ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს, ირკუტსკის ოლქში იგი ისევ გაასამართლეს.

    გადასახლების წლები ახალ სასჯელს დაემატა და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. იქაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა. აკონტროლებდნენ, წერილები არ გაეგზავნა იმ ადამიანებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ. იმ დროს, მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდან ბერიძესთან, ფაქტობრივად, განქორწინებული იყო.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. პატიმარს მუშაობა ევალებოდა. კანონით, ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. როგორც წესი, სამუშაოდ პატიმრები კოლონიის გარეთ გაჰყავდათ, დისიდენტებს კი გარეთ არ უშვებდნენ. მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ უშედეგოდ. ადმინისტრაცია მას ალტერნატივას სთავაზობდა – სამეურნეო საქმიანობა (კოლონიის დამლაგებლობა) შეესრულებინა. კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. მან შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე კატეგორიული უარი თქვა. ამის გამო კარცერში მოათავსეს.

    პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და ქალაქ ანგარსკის პროკურორის სახელზე დაწერილი: “დიდი ხანია, გთხოვეთ, მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში. თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობთ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ, ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს. მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!“

    „ურჩი პატიმარი“

    კოლონიაში მოშიმშილე მერაბ კოსტავას პროკურორი შეხვდა, მაგრამ სამუშაოზე მაინც არ მოაწყვეს. 5-წლიანი პატიმრობიდან უდიდესი ნაწილი, კარცერსა და საპყრობილის რეჟიმში გაატარა. ერთხელ იმის გამოც დასაჯეს, რომ კოლონიის მეორე ბარაკში მყოფი ქართველი პატიმარი მოინახულა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამო დიდხანს შიმშილობდა.

    18-დღიანმა მშრალმა შიმშილობამ ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, რომ საკნიდან ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს. იმდენად ცუდად იყო, ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს ისევ კოლონიის დალაგება მოსთხოვეს, კვლავ უარი განაცხადა. ურჩობისთვის კიდევ კარცერში უკრეს თავი. შინაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა, გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველ წლებს კიდევ ერთხელ ახალი სასჯელი (3 წელი) დაემატა და ციხეში მოსახდელი ისევ 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. მოკლედ, კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო.

    საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება

    1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მამულიშვილი. მისი დაკრძალვა იქცა მდუმარე, მასობრივი პროტესტის დღედ.

    საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები.

    იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი. განსაკუთრებით უყვარდა ქართული სიმღერები და საგალობლები, დიდ პატივს სცემდა წინაპართა მუსიკალურ მემკვიდრეობას, თავადაც ეძიებდა მათ და ეწეოდა ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას.

    ვის აწყობდა კოსტავას სიკვდილი?

    ავტოავარიის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მერაბ კოსტავას დაღუპვა ვიღაცის მიერ იყო დაგეგმილი. მაგრამ გამოძიებამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ თუ არ მოიძია. როგორც ამბობენ, ავტომანქანის ექსპერტიზაც ძალიან გვიან ჩატარდა და გამოძიებას ეს ვერსია არც კი გაუანალიზებია.

    ხელისუფლებამ 1989 წლის 25 თებერვლის აქცია სასტიკად დაარბია. ამას მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და კომუნისტების მცდელობა ეს სისხლიანი ღამე ლიდერებისთვის გადაებრალებინათ.

    და ისევ მორიგი პროვოკაცია. 1989 წლის 15-16 ივლისი. აფხაზეთი. ბოროტების იმპერიამ კიდევ ერთი ნაღმის აფეთქება სცადა. აფხაზმა სეპარატისტებმა დაარბიეს ქართული სკოლები, გაანადგურეს ყველაფერი ქართული, სასტიკად გაუსწორდნენ ქართველებს. მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა. რამდენიმე ათასი ქართველი ენგურს მიადგა.

    მერაბ კოსტავა შეტაკების მეორე დღესვე სოხუმში ჩავიდა და ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებულ ქართველებს მოუწოდა: „ძმებო, არ გაგაბრიყვონ, პროვოკაციაა, ყველაფერი ქართველებსა და აფხაზებს შორის ომის დასაწყებად არის გათვლილი“.

    ისიც ფაქტია, რომ მერაბ კოსტავას დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ სამაჩაბლოში ომი დაიწყო და მისი შეჩერება უკვე ვეღარავინ შეძლო.

    და მაინც, ვის აწყობდა მერაბ კოსტავას სიკვდილი?!

    რატომ არ უყვარდა მერაბ კოსტავას შვილს ზვიად გამსახურდია?

    ალბათ, იმ ძალებს, ვისთვისაც მერაბისა და ზვიადის ერთად ყოფნა საშიში იყო. ის ფაქტიც, რომ ავტოავარიის ერთ-ერთი მსხვერპლი, ზურაბ ჭავჭავაძე, თითქმის, მდგომარეობიდან გამოვიდა და მოგვიანებით საავადმყოფოში ბოტკინით დაიღუპა, საეჭვოა.

    სუკი მორიგი ბინძური პროვოკაციის გავრცელებასაც შეეცადა – ლიდერობის მანიით შეპყრობილმა ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავა თავიდან მოიცილაო. მაგრამ ვინც ბატონ მერაბს იცნობდა, კარგად იცის, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არასდროს ჰქონია.

    მეუღლე

    მისი მეუღლე რუსუდან ბერიძე გახლდათ.

    „ძალიან მოკრძალებული იყო, მე ასეთი კეთილშობილი ადამიანი არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობრები და ნაცნობები მყავდა. არასდროს არავისზე ცუდს არ იტყოდა… თუმცა ჩვენ კი ძალიან მძიმე ურთიერთობა გვქონდა. ორივე დედისერთები ვიყავით. მე მეგონა, ბევრ რამეს ვუთმენდი, მაგრამ შემდეგ უკვე დაღვინებულებმა რომ ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სახეზე მეწერა. მერაბიც საკმაოდ ტემპერამენტიანი იყო და თან ძალიან ეჭვიანი, თუმცა წყენა მალე გადაუვლიდა ხოლმე“, – ამბობდა რუსუდან ბერიძე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.

    საქართველოს ეროვნულ არქივში მისი წერილები და ფოტოები გამოიფინა, მათ შორის ბევრი პირველად. მასალები არქივს მერაბ კოსტავას მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა. ეს ძირითადად ციმბირიდან გამოგზავნილი და ციმბირში გაგზავნილი წერილებია, იმ დროინდელი, როცა დისიდენტს 10 წელი ჰქონდა მისჯილი.

    „ჩემო რუსუდან! თავს მოუარე, შენი ჩამოსვლა არაა აუცილებელი, წერილები კი ხშირად გამოგზავნე და ამბები შემატყობინე, არ დაგეზაროს. თავს მოუარე, იცოდე, ჩემი ნუ გედარდება. მე არაფერი მიშავს, მომენატრე კი ძალიან, მაგრამ შენს კარგად ყოფნას არაფერი მირჩევნია“. (მერაბ კოსტავა)

    „ჩვენ, მერაბ, კარგად ვართ. ძალიან გვენატრები ყველას, თუმცა, მე მგონი, მე მაინც ყველაზე ძალიან მენატრები… ჩემო მერაბ, დარდებს ჩვენთან რა უნდა. ეს დრო ხომ მალე გაივლის და ისევ ერთად ვიქნებით. მე მგონი, უკვე აღარასდროს აღარ ვიჩხუბებთ (მე რა „მოჩხუბარი“ ვიყავი, ხომ გახსოვს). ოღონდ შენ დაბრუნდი და თბილისის ქუჩებში გავლილი დაგინახო, გეფიცები, ერთ „სკანდალს“ აღარ მოგიწყობ“. (რუსუდან ბერიძე)

    შვილის გარდაცვალება

    1985 წლის ზამთარში მერაბს წერილის ნაცვლად დეპეშა მისდის: ირაკლი დაიღუპა. დეპეშაში დეტალები არ ეწერა. ირაკლიმ თავი მოიკლა, დილით ოლიკომ იპოვა ჩამომხრჩვალი.

    ​„ორთვიანი შიმშილობის შემდეგ კარცერიდან ამოიყვანეს. უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა და ისევ უკან ჩაიყვანეს. როგორი გადასატანია? მე მარტო მაინც არ ვიყავი… მისი პირველი წერილი მძიმე იყო. ირაკლის ამტყუნებდა, ეს რატომ ჩაიდინაო. მე ასე არ მითქვამს, რადგან, პირველ რიგში, თავის თავს დაუშავა… ამას ვერ გადახარშავ. მეუბნებოდნენ, რომ ხშირად ღამის სამ საათზე ადიოდა ირაკლის საფლავზე და იქ იჯდა.

    მერაბს მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბავშვური ღიმილი… გულიანი სიცილი იცოდა – მანაც და ირაკლიმაც. ირაკლი ძალიან გულწრფელი იყო და გარეგნულადაც ჰგავდა. ქუჩაში აჩერებდნენ ხოლმე და ეკითხებოდნენ, მერაბ კოსტავას შვილი ხომ არ ხარო. მაშინ უკვე იცოდნენ მერაბი. პატარა რაღაც შეიძლებოდა გახარებოდა. ერთხელ ლენინგრადიდან დამირეკა, თეთრი ხელთათმანები გიყიდეო.

    ირაკლისთვის 16 წლამდე დიდი ავტორიტეტი ვიყავი. სასაცილო იყო. მერაბს რომ შეეკითხებოდა რამეს მუსიკაზე ან რელიგიაზე, რაც მერაბმა ჩემზე კარგად იცოდა, მერე ჩემთან მოვიდოდა ხოლმე“, – ამბობს რუსუდან ბერიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !