More

    პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ეროვნული გეგმის აღსრულება კომისიის წევრებთან განიხილა

    spot_img

    ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის აღსრულება განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

    როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე.

    მათი თქმით, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. შესაბამისი მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე უკვე დაწყებულია.

    მათივე ცნობით, სპეციალური კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება – ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ.

    როგორც შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, 40 ბრიგადა დღის განმავლობაში 1 000-მდე ადამიანის აცრას შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებით 14 ათასი მედიკოსის აცრას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

    ამასთან, პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილეს Pfizer-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელი განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა.

    აღინიშნა, რომ მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი – მინუს 70-80 გრადუსი.

    ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

    შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ – ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.

    ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ვაქცინის პირველი დოზების მიღებისთანავე ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით ასევე განისაზღვრა აცრების ჩატარებასა და ვაქცინის ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.

    კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, რაც ეკონომიკის გახსნის, სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

    ცნობისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686. მძიმე პაციენტია 575 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი.

    24 საათში საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 250 289, 3208 კი გარდაიცვალა.

    ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

    👉 საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს , შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას

    👉 „Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“

    👉 საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here