More

    ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჯანმოს დირექტორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

    spot_img

    ჟენევაში მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) წევრი ქვეყნებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიეუსის ინტერაქტიული დიალოგი გაიმართა, რომლის ფარგლებში, მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა მცირე სახელმწიფოთა გამოწვევები კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

    საგარეო საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მიასურაძემ.

    მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს არსებული ინსტრუმენტების ფარგლებში ქვეყნისათვის გაწეული ტექნიკური და ექსპერტული დახმარებისთვის კოვიდ 19-ის მედიკამენტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ვაქცინის უზრუნველყოფაში.

    ალექსანდრე მაისურაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე და ქვეყანაში გატარებულ ზომებსა და COVAX-ის ფარგლებში მიღებული ვაქცინის პირველ პარტიაზე.

    საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის მოსახლეობისთვის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ვაქცინის შესყიდვის პროცესში.

    შეხვედრის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა თითოეული ქვეყნის წვლილზე კოვიდ 19-ის ვაქცინაზე თანაბარი და სამართლიანი წვდომის თვალსაზრისით.

    მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 100 მილიონს მიაღწია და ამ ეტაპზე, წარმოებული კოვიდ19-ის ვაქცინა 50 ქვეყანაში, ძირითადად, მდიდარ ქვეყნებში ნაწილდება და აქედან, ვაქცინის დოზათა 75% მხოლოდ ათმა საშუალოზე მაღალშემოსავლიანმა ქვეყანამ მიიღო.

    ტედროს გებრეიეუსმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-ის მედიკამენტებსა და ვაქცინაზე წვდომის „ACT Accelerator” და ვაქცინის თანაბარი განაწილების „COVAX“ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა და ფორუმის წევრ ქვეყნებთან ახალი საპილოტე პროექტების შესახებ ისაუბრა კრიტიკული სიტუაციებისთვის მზადყოფნის თვალსაზრისით.

    მან ხაზი გაუსვა თითოეული ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობის გაძლიერებისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი 1992 წელს დაარსდა და 108 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა მოსახლეობა 10 მილიონს არ აღემატება, მათ შორისაა საქართველოც. ინტერაქტიული დიალოგი ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here