More

    „რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ – საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე

    spot_img

    საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე სიმართლის დადგენის ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება და ხელისუფლებამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს. 

    „საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ.

    ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნას;

    მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

    პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.

    საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    საპატრიარქოს პოზიციით, საქმეზე ერთგვარი გაუგებრობა არსებობს, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღმოფხვრას.

    ამავე განცხადებით, ივერი მელაშვილის მიერ გათავისუფლების შემდეგ სასულიერო პირების შესახებ გაკეთებული განცხადებები შეურაცხმყოფელია.

    „თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.

    როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

    სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here