More

    „საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს – თენგიზ ცერცვაძე „ტრიბუნას“ ლიდერს პასუხობს

    spot_img

    საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის ბრალდებებს პასუხობს. 

    საინფორმაციო სააგენტო PIA.GE თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

    „ა.წ. 27 იანვრის ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ითხოვს „კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ სერიოზული გამოძიების ჩატარებას?! ვინაიდან მათ მიერ (ესე იგი ჩვენს მიერ, თ.ც.) გადადგმული ყველა ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას და ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ?!“.

    ბ-ნი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილეთვისაც კი ანეგდოტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID 19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID 19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID 19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში!

    არადა, რომ შეხედავ ბ-ნი დავითი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოგიტყდებით, მის მიმართ გარკვეული სიმპატიითაც კი ვიყავით განწყობილი და ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა.

    მე მინდა ვურჩიო ბ-ნ დავითს, გაწევრიანდეს ახლადშექმნილ ე.წ. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში“, რამდენადაც ეს ალბათ, ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, სადაც ბ-ნმა დავითმა შეიძლება თანამოაზრეები იპოვნოს. ეს საშუალებას მისცემს ბ-ნ დავითს მომავალ არჩევნებზე დაიმატოს ასოციაციის წევრთა 8 ან 9 ხმა, რაც მის მიერ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით ცოტა ნამდვილად არ არის.

    P.S. საინტერესოა, ბ-ნი დავითი ჩვენთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს“, – აღნიშნულა თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

    ინფორმაციისთვის, 27 იანვარს, „ტრიბუნას“ ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და პაატა იმნაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here