„მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან გადავდივართ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის განახლებული განრიგით გამოქვეყნებაზე. კერძოდ, აღნიშნული პუბლიკაცია გამოქვეყნდება უკვე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩატარების დღესვე. აღნიშნული ცვლილების მიზანია, საზოგადოებას უფრო ოპერატიულად მიაწოდოს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების უფრო ვრცელი ახსნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კვლევებისა და გამოცემების“ რუბრიკაში – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349