More

    საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება

    spot_img

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება ,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

    უწყების ცნობით, პირველ ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა მოხდა.

    შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა გახსნეს.

    მათი თქმით, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე.

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს აკვაკულტურის სფეროს პრიორიტეტულობას და აღნიშნეს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა.

    აღინიშნა, რომ სამინისტროში მიმდინარეობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება. ასევე, იგეგმება აკვაკულტურის დარგში სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, რაც დაარეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს აკვაკულტურის სფეროში და შექმნის საფუძველს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

    მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

    „საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

    2021 წლის გაზაფხულზე, დაგეგმილია VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი, საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა. VCA4D-ის ფარგლებში, საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი.

    VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი (Agrinatura), რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით 35-ზე მეტი წევრი ჰყავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here