More

    სახალხო დამცველმა ივერი მელაშვილის მიმართ ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა

    spot_img

    „სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. 

    როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, ადვოკატისთვის მასალების გადაცემის წინ ციხის ადმინისტრაცია ივერი მელაშვილის წერილობით კომენტარებს გაეცნო, რაც არაკანონიერია.

    „სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება.

    როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით, ასევე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაცია დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედია. კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება.

    მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გაცნობოდა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ბრალდების საქმის მასალების შესწავლას და ბრალდებული პირების საპროცესო უფლებების დაცვის ზედამხედველობას.

    შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

    სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ნატალია ილიჩოვა: თავიდანვე არ უნდა დავეკავებინეთ, ალბათ ეს რაღაც შეცდომა იყო

    „აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ – ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

    „როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ“ – ნიკა მელია მელაშვილზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here