More

    „სემეკი კომპანიების და მომხმარებლების ინტერესებს თანაბრად იცავს, შესაბამისად მისი მოვალეობა დაბალანსებული ტარიფების დადგენაა“, – ანდრია გვიდიანი

    spot_img
    ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა და 1 კუბური მეტრი ცისფერი აირის ფასი პირველი ივნისიდან 54 თეთრი იქნება.

    ეკონომისტი ანდრია გვიდიანი გაზის ტარიფის ზრდას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ლარის კურსის ცვლილებით ხსნის.

    გვიდიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლოს დადგინდა ბუნებრივი გაზის ტარიფი (2019 წლის 31 დეკემბერი), ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ეს დიდ გავლენას ახდენს იმპორტირებული ბუნებრივი რესურსის სამომხმარებლო ტარიფზე.

    „პირველ რიგში, რაც გაზის ტარიფში სტრუქტურაში მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა პირდაპირ გავლენას ახდენს შესასყიდ ტარიფზე. სხვა ფაქტორებს თუ ჩავხედავთ, არაფერი შეცვლილა, რომლებსაც შეიძლება გაზის ტარიფის გაზრდა გამოეწვია, გარდა ვალუტის კურსისა, რაც მნიშვნელოვანი წნეხია ტარიფზე. შესაბამისად, გაზის ტარიფის პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი ვერც გვექნებოდა“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

    „ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ – სემეკის დანიშნულება ის არის, რომ კომპანიებისა და მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ნიშნავს, რომ ამ ორ ინტერესს შორის მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ოქროს შუალედი. არ შეიძლება მომხმარებლების ინტერესების ხარჯზე შეილახოს კომპანიების ინტერესები, ან პირიქით – კომპანიების ინტერესების გამო შეილახოს მომხმარებლების ინტერესები“, – განმარტავს ეკონომისტი.

    სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !