სპეციალური პენიტენციური სამსახური ივერი მელაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს.
მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
შეგახსნებთ, რომ სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.
ომბუდსმენმა 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.