ბავშვებში კორონავირუსის რაოდენობამ მოიკლო, ჩაკეტილობამ კი მათში საკმაოდ რთული პრობლემები გამოიწვია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მას ყველა დღე ჰქონდა 15 შემთხვევა ახლა აქვს ერთი ან ორი ახალი შემთხვევა.
პედიატრიული განყოფილების უფროსის თემურ მიქელაძის განცხადებით, ჩაკეტილობამ ბავშვებში საკმაოდ რთული პრობლემები გამოიწვია როგორიცაა: სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა.
მისი თქმით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს აუცილებელია დროული რეფერარი.
„ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული“, – აღნიშნა პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ .
როგორც თემურ მიქელაძემ აღნიშნა, ბავშვები 3-ჯერ მაინც უნდა გავიდნენ გარეთ. აუცილებელია სხვადასხვა დაწესებულებებმა დაიცვას ჰიგიენური ნორმები.
„ჰიგიენური ნორმების დაცვით ჩვენ არა მარტო კორონავირუსს არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებს ავირიდებთ“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.