More

    „შუქრუთელებმა მომწერეს… ვზივარ ახლა და ვტირი, იმიტომ რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია…“ – ბაია პატარაია

    spot_img
    ბაია_ პატარაია

    უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, შუქრუთში გაფიცული მოსახლეობა მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ბაია პატარაია ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელების გარდა ამ ეტაპზე არაფერი შეუძლია.

    „შუქრუთელებმა მომწერეს, ტელეფონებს ვთიშავთ და მშრალ შიმშილობაზე გადავდივართო. იცოდე და ხმა ყველას მიაწვდინეო…

    ვზივარ ახლა და ვტირი, იმიტომ რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია… ჩაგვაკვდება ეს ხალხი ხელში და ვირბინოთ მერე ტრანსპარანტებით ხელში, რომელსაც ისევ და ისევ დავაწერთ: „სისტემა კლავს“…

    პ.ს. ნინოწმინდის ბავშვებისათვის წერილები მაქვს გასაგზავნი სხვა ქვეყნებში, მერე მივალ მეც მათთან და დავჯდები.

    რამდენ ხანს ძლებს ადამიანი უწყლოდ ზაფხულში?..“, – წერს ბაია პატარაია.

    ცნობისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს. საპროტესტო აქცია სამ თვეზე მეტია გრძელდება, 11 მაისის შემდეგ 8 ადამიანი შიმშილობს.

    ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის, „შუქრუთი +“-ის მიერ მარგანეცის მოპოვებით სერიოზულად დაზარალდნენ – ინგრევა სახლები, აღარ მოდის მოსავალი და არაერთ ეზოში მიწა ჩავარდა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ზარალი არა კომპანიამ, არამედ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს.

    20 მაისს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შუქრუთი +“ მზად არის სოფლის „რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.

    კომპანიის თანახმად, ინფორმაცია, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და ზარალს არ უნაზღაურებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან „შუქრუთი +„-ს 2020 წლის ივნისიდან გაცემული აქვს დაახლოებით 2 მილიონი ლარის კომპენსაცია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !