More

    „ჩვენ მთელი საქართველო მოვლილი გაქვს… ყოველ ზაფხულს თბილისში სამკურნალოდ ჩამოვდიოდით“ – რას ჰყვება გოგო, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 7 წელი ცხოვრობდა

    spot_img

    ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით მედიაში ხმაური არ წყდება. სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღნიშნულ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ არაერთი ცდის მიუხედავად, მათ პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი თავშესაფარში არ უშვებს, რათა არსებული ვითარება შეისწავლონ.

    ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებებზე მედია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

    GTmedia შეეცადა გაერკვია, რა პირობებში უწევთ ცხოვრება არასრულწლოვნებს პანსიონში და რამდენადაა დაცული მათი უფლებები. GTmedia პანსიონის ყოფილ ბენეფიციარს, ქეთი კონუხოვას დაუკავშირდა, რომელმაც თავშესაფარში არსებულ ვითარებასა და ბავშვების მდგომარეობაზე ისაუბრა. კონუხოვა ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პანსიონში მცხოვრებლებს ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი.

    „ბავშვთა თავშესაფარში 7 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. 9 წლის ვიყავი, როცა პანსიონში ბებომ მიმიყვანა, რადგან მოხუცი იყო და ჩემი მოვლა არ შეეძლო. მაშინ ეს ბავშვთა სახლი იყო ზესტაფონში და შემდეგ გადაიტანეს ნინოწმინდაში. მაშინაც იმ პანსიონს მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.
    როცა სკოლა დავამთავრე, მეუფემ დამასაქმა და უკვე ნინოწმინდის პანსიონში აღმზრდელად ვმუშაობდი.

    ის რასაც დღეს ვისმენ, სრული სისულელეა. ბავშვთა სახლში ძალიან კარგი პირობები იყო. რომ იძახიან, ბავშვებს ზომბებად ზრდიან და არსად არ გაჰყავთო, ტყუილია. ჩვენ მთელი საქართველო მოვლილი გაქვს, არაფერი გვაკლდა. ყოველ ზაფხულს თბილისში სამკურნალოდ ჩამოვდიოდით და ყველანაირი გამოკვლევა უფასოდ გვიტარდებოდა. პირადად მე, თვალზე ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული,”- აცხადებს კონუხოვა.

    კონუხოვა ამბობს, რომ მას პანსიონის ბენეფიციარებთან კონტაქტი დღემდე აქვს და აცხადებს, რომ მათ სრულფასოვანი გარემო აქვთ შექმნილი.

    „ბენეფიციარებთან ურთიერთობა დღემდე მაქვს და მსგავსი არაფერი ხდება, რასაც მედიაში ვისმენთ. ისინიც დაადასტურებენ, რომ იქ არანაირი ძალადობა ხდება და ინფორმაცია, რომ ბავშვებს სჯიან და მეტანიებს ძალით აკეთებინებენ, ამაზე მეცინება. რაც იქ ვიყავი, ხმამაღალი სიტყვა არავის უთქვამს. განათლებასაც იღებენ და ბევრი ოჯახი ბავშვს ვერ უქმნის ისეთ პირობებს, როგორიც პანსიონში მყოფებს აქვთ,”- განაცხადა პანსიონის ყოფილმა ბენეფიციარმა.

    კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, რომ ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს საჩივრით მიმართეს, კონუხოვა ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

    ცნობისთვის, ომბუდსმენის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის ოთხს საქმეზე დაიწყო, მათგან ერთი კი სექსუალურ ძალადობას ეხება. სახალხო დამცველის თქმით, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს მიმართეს.

    წყარო: gtmedia.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !