More

    13 წლის ასაკში მამა მოუკლეს, შეყვარებულმა მიატოვა, დაპირისპირება მაფიის ბოსთან და ურთიერთობა რონალდუს ყოფილთან – გურამ ბაღდოშვილის სკანდალები

    spot_img

    „ალბათ, გურამ ბაღდოშვილი ადამიანია, რომელიც პირველ რიგში, ქართულ გასტრონომიას პოპულარიზაციას უწევს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პარალელურად, ინფლუენსერია, რომლის სიტყვასაც ენდობიან. უფრო კი, გურამ ბაღდოშვილი შეფმზარეულია“,- ამბობს მედიასთან საუბრისას ცნობილი შეფ-მზარეული.

    გურამი წამყვანი და მსაჯი იყო გადაცემაში „ჩემი სამზარეულოს წესები“ და „სამზარეულოს ომები“. ის ფლობს 8 ენას: იტალიურს, ესპანურს, პორტუგალიურს, ფრანგულს, ინგლისურს, რუსულს, აზერბაიჯანულსა და ქართულს.

    მისი ჰობი, მოგზაურობასთან ერთად, მღერაცაა, რომლის პროფესიული ცოდნის გამოცდილებაც აქვს. ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კი – ეკოლოგიაზე ზრუნვაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკუთარი ავტომობილით არ გადაადგილდება და ქალაქში ტრანსპორტისა თუ ჰაერის მდგომარეობას კიდევ უფრო აღარ ამძიმებს.

    დღეს ,,დაიჯესტი” მის შესახებ უფრო დაწვრილებით გიამბობთ:

    დიდი ოჯახი

    13 წლის იყო, მამა რომ მოუკლეს. ძალიან პატარა ასაკში მოუწია გაზრდა და ოჯახის შენახვაზე ზრუნვა. სკოლაში სწავლა მისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა იმიტომ, რომ იქ მისი პროფესიისთვის საინტერესოს არაფერს ასწავლიდნენ. ამიტომ, საკუთარი სამყარო შეიქმნა, სადაც ცხოვრებამ აუხსნა, როგორ უნდა გადარჩენილიყო და როგორ უნდა ეკეთებინა ის, რაც მოსწონდა.

    – ჩემ ოჯახში ყველა კარგ კერძებს ამზადებს – ჩემი ძმები, დები, ხუთნი ვართ. მშობლები, სამწუხაროდ, აღარ მყავს. ჩვენთან აქცენტი ყოველთვის სწორ კვებაზე იყო. პირველი ხილი, პროდუქტი, თუ რაიმე ახალი შემოდიოდა, დედას ყველაფერი მოჰქონდა, შვილებზე გადამკვდარი ქალი იყო, გემრიელი საჭმლის მომზადება მამაჩემსაც კარგად გამოსდიოდა. დედა შესანიშნავად კერავდა და ჩემი ძმების ტანსაცმლის ჩაცმა არ მიწევდა, ერთ ღამეში შეეძლო ხუთი შვილისთვის ახალი სამოსის შეკერვა. ქურთუკები, პალტო, შარვალი, პერანგი – ყველაფერი ეხერხებოდა, ყიდვა არ გვჭირდებოდა. ეს მისი ჰობი და პროფესია იყო.

    პროფესია

    სინამდვილეში, ეს ის პროფესიაა, რომელმაც მე ამომარჩია და არა – პროფესია ავირჩიე მე. ვფიქრობ, ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია. მუსიკა და სხვა დანარჩენი ცოტა უფრო გვიან “მოვიდა” ჩემთან, რუსეთში ცხოვრების დროს. 13 წლიდან სამზარეულოში ვარ და ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, სულ რაღაცას ვეძებ, ვქექავ.

    ემიგარაცია

    ოცი წელი უმეგობროდ, უდედოდ, უმამოდ, და-ძმის გარეშე. არა – ქართული სიმღერა, ჰავა, ღვინო. მე ყოველმხრივ ობოლი დავრჩი და აუცილებლად უნდა მიმეღწია პოპულარობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ნიჭით რომ იბადები და პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ხარ. არასდროს მჭირდებოდა დედიკოს მიერ ლოგინში მოტანილი საჭმელი, მე ეს ფუფუნება ღრმა ბავშვობაში შემიწყდა. სანათესავო წრე დავკარგე. დამეღუპა მამა, ბებია, დედა მყავდა, მაგრამ არ იყო იმ ხასიათის ადამიანი, რომელიც შვილებს ეგრე „აბაირამებდა“. ხუთი შვილის დედა იყო.

    ჩემთვის შეიძლება, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სტუმარი უფრო საყვარელი იყოს, ვიდრე მაღალბიუჯეტიანი.

    საზღვარგარეთ ზიდანის, კრიშტიანუ რონალდუს, ტოპ-მომღერლებისა თუ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების ფავორიტი შეფი ვიყავი.

    ყველასთან მის ენაზე უნდა ისაუბრო. ტოპ-ფეხბურთელებთან და „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან მეგობრობისას, ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანი არაა მათი მიღწევები. ამის გამო არ არიან ისინი ჩემი მეგობრები. 90-იანებში რომ დავტოვე საქართველო, მაშინდელი ქართული შოუ-ბიზნესი გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი და მთელი წრე ჩემი სამეგობრო იყო. ამიტომ ნებისმიერ ცნობილ ადამიანთან დამეგობრება ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სამზარეულოში ჩემი საქმის კეთება. თუმცა, არასდროს მივისწრაფვი ვიღაცების გაცნობისა და დამეგობრებისკენ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნატურალურად ხდება.

    ფერმერობა

    როცა შეფი ხარ, სოფლის მეურნეობა ყველაზე ახლოსაა შენთან. ბევრმა საერთოდ არ იცის, რა არის ეს. თუ სოფლის მეურნეობიდან ჩანგლამდე არ იცი ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ შეუმდგარი შეფი ხარ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის და ამას განათლების პრობლემამდე მივყავართ. უმაღლესის დამთავრებას არ ვგულისხმობ, მაგრამ შეფმა ნებისმიერი პროდუქტის განვლილი გზა უნდა იცოდე. საქართველოში ბევრი ძალიან მარტივად და მალე ირქმევს შეფს. გასტრონომია ყოველთვის ხელოვნებაზე მაღლა იდგა. ცოტა უხეშად გამომდის ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ გასტრონომია არ არის ხელოსნობა – ეს ხელოვნებაა და ეს იგივეა, ორკესტრში დაკვრა რომ მუსიკალური განათლების გარეშე მოინდომოთ.

    ფერმაზე მუშაობა პანდემიის პირველი ტალღის დროს დავიწყე. თებერვალში პორტუგალიიდან ჩამოვედი და მარტში შევუდექი საქმეს. ერთ-ერთ სოფელში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. დღეს იქ მყავს ორასამდე ფრთა ფრინველი, რომელსაც ადგილობრივი მრავალშვილიანი ოჯახი უვლის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მარცვლეულის თესვისას, რომ ისინი ბიოლოგიური საკვებით გამოვკვებოთ.

    ბატები და იხვები გვყავს, ახლო მომავალში, მინდა, ჩემს ფერმას რამდენიმე დედა ღორი შევმატო. ოცი ძროხა მყავს. მე შენობა-ნაგებობა და მიწები არ მაქვს. მაგრამ მოვინდომე, რამდენიმე ადამიანი დავაინტერესე, შევიკრიბეთ და კოოპერატივი შევქმენით.

    დაკარგული სიყვარული

    ოჯახური ურთიერთობა ბევრჯერ მქონია, საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ვიღაცასთან კონტრაქტი უნდა დავდო. ხელის მოწერა და ქორწილი ოფიციალური კონტრაქტია, რომელიც ჩემთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. მორწმუნე ვარ, მაგრამ არა ფანატიკოსი და ჯვრისწერა აუცილებელი არ მგონია.

    ვიღაცასთან ხელს არ მოვაწერ მარტო იმიტომ, რომ მასთან ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შემეძლოს. ეს საერთოდ არ არის საჭირო. როცა ადამიანს ვიცნობ და ურთიერთობას ვამყარებთ, ჩვენ-ჩვენ სახლებში ვცხოვრობთ და გვაქვს მეგობრულზე ცოტა მეტი ურთიერთობა.

    შეიძლება, იმიტომაც, რომ ტრავმაც მაქვს – ახალგაზრდობაში ჩემი პირველი შეყვარებული სხვას გაჰყვა და, ალბათ, სიყვარული, როგორც განსაკუთრებული გრძნობა, დაიკარგა, შეიძლება, დავბლოკე კიდეც და მივეჩვიე თავისუფალ ცხოვრებას. არც ვფიქრობ, რომ მე აუცილებლად უნდა მყავდეს შეყვარებული, იმისთვის, რომ კონტაქტი დავამყარო სხვა ადამიანთან. ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცის საფასურად ხდება, ნაკლები მეგობარი გყავს, დაბადების დღეზე ვერ მიდიხარ, ქორწილში ვერ მიდიხარ, ვერ ისვენებ ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში, ძალიან არასტაბილური ცხოვრება გაქვს – ეს ჩემი გზაა. წარმატებას რომ მიაღწიო, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაბლოკო. მე საკუთარი განვითარება დავაყენე პირველ ადგილას და პირადიც, რაღაც თვალსაზრისით, ამას შეეწირა. ძალიან პატარა ასაკში მივიღე გადაწყვეტილება ავტონომიაზე, ავიღე თოხი ხელში და ჩემი ბილიკი თვითონ გავიკვლიე.

    დაოჯახება

    ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემ თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.

    შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? – ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს.

    დაპირისპირება მაფიის ბოსთან

    ერთი პიროვნება სამზარეულოში შემოვიდა და თავხედურად მომმართა. უხეშად და დამამცირებელი ტონით მიბრძანა რაღაცის გაკეთება. არ ვიცოდი, ვინ იყო, გავათრიე და გავტყიპე. თურმე, მაფიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა და მერე, რა თქმა უნდა, მეც მომხვდა. მაგრამ, მაგ დროს ჩემი გერლფრენდი მაფიის ერთ-ერთი წევრის სამეგობროში იყო, საქმე გაირჩა და ყველაფერი მოწესრიგდა.

    მაშინ, 19 წლის ვიყავი – ეს ისეთი ასაკია, როცა ასეთ მომენტებში თავის შეკავება რთულია. მერე რაღაცებს სხვანაირად უყურებ და ცდილობ, აღვირი ხელში დაიჭირო. ერთხელ, დავლიე და როგორც ქართველებმა ვიცით, ორი ჭიქის შემდეგ სიმღერა დავიწყე. ბენდმა, რომელიც რესტორანში უკრავდა, ხელი მომკიდა და მაშინვე კონსერვატორიაში გამაქანეს. გინდა თუ არა, სიმღერა უნდა ისწავლო, ძლიერი და სასიამოვნო ტემბრი გაქვსო. ხაჩატუროვმა ორი-სამი სიმღერა მამღერა და ჩამაბარებინა, მაგრამ მესამე კურსიდან მივატოვე კონსერვატორია.

    ურთიერთობა კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ გერლფრენდთან

    კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გერლფრენდი, ულამაზესი მოდელი – მერჩე რომერო იმდენჯერ იყო ჩემთან, რომ უკვე უახლოესი მეგობრები ვართ. ასევე, დადიან პოლიტიკოსები, მერიის წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები და მინისტრები. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე და ხშირად მიფიქრია, რომ არ წავსულიყავი სხვაგან და დავრჩენილიყავი საქართველოში, ვინ ვიქნებოდი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !