სამედიცინო დაზღვევა საქართველოში – რა უნდა იცოდე პაკეტის არჩევამდე

aviabiletebiaviabiletebi

სამედიცინო დაზღვევა საქართველოში საშუალებას გაძლევს, სამედიცინო მომსახურების ნაწილი ან სრული ღირებულება პოლისის პირობების მიხედვით დაფაროთ. პაკეტები ერთმანეთისგან განსხვავდება დაფარვით, ლიმიტებითა და თანაგადახდის პროცენტით, ამიტომ არჩევამდე მნიშვნელოვანია პირობებს დეტალურად გაეცნოთ.

ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო ხარჯები ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოში მოქმედებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სადაზღვევო სისტემა. იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს, საჭიროა ზუსტად იცოდეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელები. კერძო სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის პაკეტებს სთავაზობენ, რომელთა ფასი და პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. სანამ კონკრეტულ ხელშეკრულებას გააფორმებთ, უნდა გესმოდეთ, რა ვალდებულებებს იღებს სადაზღვევო კომპანია და რა ხარჯების დაფარვა მოგიწევთ დამოუკიდებლად.

საყოველთაო ჯანდაცვა და კერძო დაზღვევა

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს. ეს პროგრამა ითვალისწინებს საბაზისო სამედიცინო მომსახურებას, გეგმურ ამბულატორიას და გადაუდებელ ოპერაციებს. თუმცა, სახელმწიფო დაფინანსებას გარკვეული ლიმიტები აქვს. ის ბევრ ისეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველა ადამიანი ვერ ხვდება. 

კერძო სამედიცინო დაზღვევა საქართველოში სწორედ ამიტომ არის ბევრი ადამიანის არჩევანი. კერძო პოლისი ფარავს იმ ხარჯებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს. მაგალითად, კერძო პაკეტები ხშირად ფარავს გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას, მედიკამენტების ღირებულების ნაწილსა და საავადმყოფოში განთავსებას. გარდა ამისა, კერძო პოლისის მფლობელებს აქვთ უფლება, აირჩიონ კონკრეტული ექიმი ან კლინიკა. შესაბამისად, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მკურნალობის ხარჯების დაფარვის მთავარი წყარო ხდება. 

ამბულატორია და ჰოსპიტალიზაცია – რა უნდა იცოდეთ მომსახურების ტიპებზე?

სადაზღვევო პოლისის განხილვისას შეხვდებით ორ ძირითად ტერმინს: ამბულატორია და ჰოსპიტალიზაცია. მათი მნიშვნელობის ცოდნა დაგეხმარებათ სწორი მოლოდინების შექმნაში.

  • ამბულატორიული მომსახურება – ეს არის მკურნალობა, რომელიც არ მოითხოვს საავადმყოფოში დაწოლას და ღამის გათევას. მასში შედის ოჯახის ექიმის კონსულტაცია, ვიწრო სპეციალისტებთან (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი) ვიზიტი, ლაბორატორიული ანალიზები, ექოსკოპია და რენტგენი.
  • ჰოსპიტალური მომსახურება – ეს გულისხმობს პაციენტის საავადმყოფოში მოთავსებას 24 საათზე მეტი ვადით. სტაციონარი მოიცავს გეგმურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს, რეანიმაციულ მომსახურებას, ინტენსიურ თერაპიას, პალატის ხარჯებსა და საავადმყოფოში ყოფნისას საჭირო მედიკამენტებს.

როგორც წესი, სამედიცინო დაზღვევა საქართველოში ორივე მიმართულებას ფარავს, თუმცა დაფინანსების პროცენტული წილი სხვადასხვაა.

თანაგადახდა, ლიმიტი – ორი ცნება, რაც ფასს განსაზღვრავს

ამ ორი ტერმინის არსის გაგება დაგეხმარებათ იმის გამოთვლაში, თუ რა დაგიჯდებათ მკურნალობა რეალურად. სადაზღვევო კომპანიები ამ მექანიზმებით ადგენენ პოლისის საბოლოო ღირებულებას.

პირველი მნიშვნელოვანი ცნებაა თანაგადახდა. ეს არის ზიანის ან მომსახურების ის პროცენტული წილი, რომელსაც იხდის თავად დაზღვეული პირი. მაგალითად, თუ თანაგადახდა არის 20%, ხოლო ექიმის კონსულტაცია ღირს 100 ლარი, თქვენ კლინიკის სალაროში იხდით 20 ლარს, კომპანია კი ფარავს 80 ლარს.

მეორე ცნება არის ლიმიტი. ეს გულისხმობს თანხის მაქსიმალურ რაოდენობას, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაიხდის წლის განმავლობაში კონკრეტულ მომსახურებაზე. მაგალითად, თუ მედიკამენტების წლიური ლიმიტია 500 ლარი, ამ თანხის სრულად ამოწურვის შემდეგ წამლების ყიდვა მთლიანად თქვენი საკუთარი ხარჯით მოგიწევთ.

სამედიცინო დაზღვევა საქართველოში – ინდივიდუალური თუ კორპორატიული პაკეტი?

კერძო სადაზღვევო პოლისის შეძენა ორი გზით არის შესაძლებელი: დამოუკიდებლად ან დამსაქმებლის დახმარებით. ინდივიდუალურ პაკეტს ადამიანი თავად ყიდულობს სადაზღვევო კომპანიაში. ამ დროს ფასი უფრო მაღალია, ხოლო პირობები – კორპორაციულ დაზღვევასთან შედარებით შესაძლოა უფრო შეზღუდული იყოს, რადგან კომპანია რისკებს მხოლოდ ერთი პირის მაგალითზე აფასებს.

კორპორატიულ პოლისს კი კომპანიები საკუთარ თანამშრომლებს სთავაზობენ. კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა საქართველოში გაცილებით იაფია, რადგან სადაზღვევო კომპანია ფასდაკლებას აკეთებს დიდი ჯგუფის მიღების გამო. გარდა ამისა, კორპორატიული პაკეტები ხშირად ფარავს ქრონიკულ და თანდაყოლილ დაავადებებს, რასაც ირაოს ინდივიდუალური პოლისებიც ითვალისწინებს. 

რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ხელშეკრულებაში?

ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია დოკუმენტის ყურადღებით წაკითხვა, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:

გამონაკლისები – ყველა სადაზღვევო პოლისს აქვს გამონაკლისების სია. ეს არის დაავადებები ან პროცედურები, რომელთა ღირებულებასაც კომპანია, როგორც წესი, არ ანაზღაურებს. ტიპურ გამონაკლისებს მიეკუთვნება ესთეტიკური ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, წონის კორექციის პროცედურები და თვითდაზიანებით გამოწვეული მკურნალობა. ასევე, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადად არ ფარავს იმ დაავადებებს, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებამდე უკვე გქონდათ. 

მიმართვის სქემა – მომსახურების მისაღებად აუცილებელია დადგენილი წესების დაცვა. გეგმური ვიზიტისას, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს პირად ექიმს (ოჯახის ექიმს) ან სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს. ოჯახის ექიმი აფასებს მდგომარეობას და აკეთებს მიმართვას ვიწრო სპეციალისტთან ან კვლევაზე, რის საფუძველზეც იწერება მიმართვა. თუ ამ პროცედურას გვერდს აუვლით და კლინიკაში დამოუკიდებლად მიხვალთ, სადაზღვეო ხარჯებს, როგორც წესი, არ აანაზღაურებს. თუმცა, თუ პოლისით თავისუფალი არჩევანის სქემა არის გათვალისწინებული, მაშინ თანხა ანაზღაურდება. 

პროვაიდერი კლინიკები – სადაზღვევო კომპანიას აქვს პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, რომლებსაც პროვაიდერებს უწოდებენ. მათ ბაზაში მომსახურების მიღებისას თქვენ მხოლოდ თქვენს წილ თანაგადახდას ფარავთ ადგილზე. არაპროვაიდერ კლინიკაში ვიზიტისას კი დაფინანსების პროცენტი მკვეთრად მცირდება, ან ხარჯი ანაზღაურდება მომსახურების მიღების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხას თავად იხდით სრულად, იღებთ ფორმა 100-სადა ჩეკს, კომპანია კი კუთვნილ წილს მოგვიანებით გირიცხავთ. 

სტომატოლოგიის დაფარვა – ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, თუმცა მასზე სპეციფიკური პირობები ვრცელდება. სტანდარტული პაკეტები, როგორც წესი, ფარავს მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას (მწვავე ტკივილის მართვას) და თერაპიულ მკურნალობას (პლომბები, არხების გაწმენდა). უფრო ძვირადღირებული ორთოდონტიული (ბრეკეტები) ან ორთოპედიული (იმპლანტაცია, გვირგვინები) პროცედურები ძირითადად გამონაკლისებში ხვდება, ან ფინანსდება მხოლოდ განსაკუთრებული, გაფართოებული კორპორატიული პაკეტების ფარგლებში. 

სწორად შერჩეული კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა საშუალებას გაძლევთ, დაიცვათ საკუთარი ფინანსები მოულოდნელი სამედიცინო ხარჯებისგან. შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის პირობები, თქვენი საჭიროებები შეაფასეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ. სამედიცინო დაზღვევა საქართველოში საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

 

Facebook კომენტარები

spot_imgspot_img
ავიაბილეთები იაფად

ახალი ამბები