Site icon საინფორმაციო სააგენტო newsone.ge

“როგორ გამოვიცნოთ, რომელი ვიტამინი გვაკლია” – გიორგი ღოღობერიძე სიმპტომების მიხედვით ვიტამინის ნაკლებობის ამოცნობას გასწავლით

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, როგორ შეიძლება იგრძნოთ ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა. რომელი სიმპტომით ვლინდება კონკრეტული ვიტამინისა თუ ელემენტის დეფიციტი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება - ამის შესახებ ახალგაზრდა ექიმმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"როგორ გამოვიცნოთ, რომელი ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ. დარწმუნებული ვარ, ამ 7 სიმპტომიდან ერთი მაინც შეგაწუხებდათ ან გაწუხებთ დღესაც.

ადვილად მტვრევადი თმა და ფრჩხილები

ამ სიმპტომებს უხშირესად ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა იწვევს, ასევე ანემია და ვიტამინ B7-ის, იგივე ბიოტინის ნაკლებობა. მისი დეფიციტი ვლინდება ქრონიკული დაღლილობით, კუნთების ტკივილითა და სპაზმით. მის შესავსებად უნდა მიიღოთ კვერცხი, ხორცი, თევზი, თხილი, ისპანახი.

წყლულები პირში და ტუჩის კუთხეების ანთება

ეს ვიტამინ B2-ის ან ნებისმიერი B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს. ამ სიმპტომებს რკინის ნაკლებობაც იწვევს. რკინის საუკეთესო წყარო წითელი ხორცია.

ღრძილებიდან სისხლდენა, მშრალი კანი, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, სისხლჩაქცევები ეს C ვიტამინის ნაკლებობაა. ეს ვიტამინი ძალიან საჭიროა. თუ C ვიტამინი არ იქნება, არ იქნება არც კოლაგენი, ანუ ქსოვილის ყველაზე მკვრივი ცილა. ბევრს მხოლოდ ლიმონი და მანდარინი ჰგონია C ვიტამინის წყარო. ასე არ არის. მისი წყაროა ბროკოლი, კივი, მარწყვი.

მხედველობის გაუარესება, თვალების სიმშრალე

თუ შეამჩნიეთ, რომ საღამოობით უკვე გიჭირთ იმის დანახვა, რასაც ადრე მკაფიოდ ხედავდით, A ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. A ვიტამინი თვალის ბადურას სჭირდება, რომ როდოპსინი წარმოქმნას. ამ უკანასკნელის გარეშე ძალიან გვიჭირს სიბნელეში საგნების აღქმა. მის გარეშე „ვბრმავდებით“, ოღონდ მხოლოდ სიბნელეში. A ვიტამინს დიდი რაოდენობითი შეიცავს მოყვითალო და მონარინჯისფრო პროდუქტები.

ქერტლი, კანის აქერცვლა

ქერტლის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის. გამომწვევი შეიძლება ცხიმიანი კანიც იყოს ან სხვადასხვა პათოგენი, მაგრამ ქერტლისკენ მიდრეკილებას თუთიის ნაკლებობა იწვევს. თუთია ვიტამინი არ არის, მეტალია. რაც შეეხება ვიტამინებს, ქერტლი შეიძლება გამოიწვიოს B3, B6-ის, B2-ის ნაკლებობამ. სამწუხაროდ, ამ ვიტამინების შევსება არ არის საკმარისი ქერტლის პრობლემის მოსაგვარებლად. ზოგჯერ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაა საჭირო.

თმის ცვენა

მისი მიზეზი ხშირად ჰორმონულია, მაგრამ მიდრეკილს თმის ცვენისადმი ხდის ბიოტინის, ასევე რკინის ნაკლებობა. თმის ფოლიკულებს ასევე სჭირდება თუთია.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი

ესეც შეიძლება გამოწვეული იყოს რკინის ნაკლებობით. როცა ნერვული ქსოვილი საკმარის რკინას ვერ იღებს, ეს მოუსვენარი ფეხების სინდრომით ვლინდება.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version